კალათბურთი

10:58 | 6.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

მამუკელაშვილის ბრწყინვალე დებიუტი “მილუოკი ბაქსში” და ბითაძის 11 წუთი “ნიუ იორკ ნიქსთან” (+VIDEO)

“მილუოკი ბაქსში” სანდრო მამუკელაშვილს ბრწყინვალე დებიუტი გამოუვიდა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი კალათბურთელი მილუოკელთა გუნდში ლას ვეგასის საზაფხულო ლიგაზე უკვე არაერთხელ გამოჩნდა, მან “ბაქსის” ძირითად შემადგენლობასთან ერთად წინასასეზონო მატჩში პირველად დღეს ითამაშა. ჩვენებური “მემფისის” წინააღმდეგ თანაგუნდელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ "მილუოკი ბაქსის" რიგებში პარკეტზე ყველაზე დიდი დრო -29 წუთი სწორედ ქართველმა დაჰყო. ახალგაზრდა ფორვარდი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა. მან “ბაქსის” ძირითადი ცენტრი, ბრუკ ლოპესი შეცვალა. ამ უკანასკნელმა მოედანზე გატარებულ 20 წუთში 9 ქულა, 7 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა. მამუკელაშვილის ანგარიშზეც 9 ქულა და 7 მოხსნა დაგროვდა, რასაც 3 პასი მოაყოლა. ქართველმა ფორვარდმა 5-დან 4 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა.

მატჩი "მემფისის" გამარჯვებით 87:77 დასრულდა, თუმცა, უნდა აღინიშნოს რომ შეხვედრა მხოლოდ 3 მეოთხედი გაგრძელდა. ამის მიზეზი კი სახანძრო სიგნალიზაციის ჩართვა გახდა, რომელიც ცრუ განგაში აღმოჩნდა. საბოლოოდ ლიგამ ერთსაათიანი პაუზის შემდეგ მატჩის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

მილუოკელთა შემადგენლობაში ტრავმის გამო არ უთამაშია იანის ანტეტოკუმპოს, საუკეთესო შედეგი კი ჯორდან ნვორამ დააფიქსირა – 16 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი, 3 ჩაჭრა. გამარჯვებულებს კი 27 ქულით, 6 მოხსნით და 4 პასით ახალგაზრდა ვარსკვლავმა ჯა მორანტმა ულიდერა.

სამწუხაროდ, მარცხი განიცადა "ინდიანა პეისერსმაც", რომლის შემადგენლობაშიც ქართველმა ცენტრმა, გოგა ბითაძემ 11:44 წუთი ითამაშა. ინდიანაპოლისელები “ნიუ იორკს” შეხვდნენ და 104:125 წააგეს. ქართველმა ცენტრმა 1 ორქულიანი ააცილა, 3 სამიანიდან კი 1 ჩააგდო. 3 ქულასთან ერთად ბითაძემ 2 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა. ინდიანელთა ძირითადმა ცენტრმა მაილს ტერნერმა 17:48 წუთში 10 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.

მომდევნო მატჩებს ბითაძისა და მამუკელაშვილის გუნდები 8 ოქტომბერს გამართავენ. “ინდიანა” კლივლენდში “კავალერსს” შეხვდება, “მილუოკი” კი ბრუკლინში – “ნეტსს” დაუპირისპირდება.

0.159995