ჭიდაობა

10:26 | 6.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

იანტბელიძე: "მეტი შეგვეძლო, მაგრამ ყველამ დაინახა ჩვენდამი მსაჯების მიდგომა"

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი იანტბელიძემ და ბრინჯაოს პრიზიორმა ზურაბ იაკობიშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთეს.

როგორც იანტბელიძემ აღნიშნა, მათ უკეთესი შედეგის ჩვენება სურდათ, მაგრამ სამი მედალიც წარმატებაა, რადგან ამის უკან სპორტსმენების დიდი შრომა დგას.

„კარგია, რომ შეჯიბრი გამარჯვებით დავასრულეთ და ბრინჯაოს მედალი მოვიპოვეთ. რა თქმა უნდა, მეტიც შეგვეძლო, ოქროს მედლისთვის და უფრო მეტისთვისაც ჩამოვედით, მაგრამ ალბათ, ყველამ დაინახა, მსაჯებს ჩვენს მიმართ, როგორი მიდგომა ჰქონდათ. საერთო ჯამში მაინც შევძელით სამი მედლის აღება და თითოეულ სპორტსმენს მივულოცო, რადგან ამის უკან ძალიან დიდი შრომა და დროა ჩადებული. იმედი მაქვს, რომ მომავალში უკეთეს შედეგებს ვაჩვენებთ“, - თქვა იანტბელიძემ.

„ყოველთვის საკუთარ თავს მაქსიმუმს ვთხოვ და ოქროს მედალს ვგეგმავ, მაგრამ ზოგჯერ ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა. ამ მედალს ჩემს გულშემატკივრებს და საქართველოს ვულოცავ. მასში ძალიან დიდი შრომაა ჩადებული და მინდა, მომავალში უფრო დაფასდეს და ჩემს გულშემატკივარს ბევრი სიხარული მივანიჭო“, - თქვა იაკობიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე 10 მოჭიდავით ასპარეზობდა (თითოეულ წონაში თითო მონაწილე) და სამი მედალი მოიპოვა. გენო პეტრიაშვილი ვერცხლს, ხოლო ნიკა კენჭაძე და ზურაბ იაკობიშვილი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116087