ფეხბურთი

17:06 | 3.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი: "ნაკრები ახლა რთულ ფაზებს გადის და გვერდში დგომა სჭირდება"
ვილი სანიოლის პრესკონფერენცია

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მოახლოებული მატჩების წინ პრესკონფერენცია გამართა. მან ძალიან ბევრ თემაზე ისაუბრა, მათ შორის, განვლილი თამაშები შეაფასა.

„რა თქმა უნდა, მიგვაჩნია, რომ სექტემბერში ბევრი რამ სხვანაირად უნდა გაგკვეკეთებინა და იმედგაცრუებული ვართ, როგორც ხარისხით, ისე შედეგით. კონკრეტულად არავის ვადანაშაულებ, მაგრამ ვფიქრობ, რომ შეგვეძლო, უფრო მეტი თავდადება გამოგვეჩინა, რადგან ეს არის საქართველოს ნაკრები და იმედი მაქვს, რომ უახლოეს მატჩებში უფრო მეტი თავდადებით ვითამაშებთ. არიან მოთამაშეები, რომლებიც გვიბრუნდებიან, მაგალითად, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, ოქრიაშვილი, გვილია და მგონია, რომ ბევრად სხვანაირად წარმოვაჩენთ ჩვენს თავს უახლოეს მატჩებში.

რა თქმა უნდა, არ მიმაჩნია, რომ ჩვენ ყვითელი ბარათი გვჭირდება იმისთვის, რომ გავაცნობიეროთ, როგორ ვითამაშეთ ბოლო შეხვედრები. პირველ რიგში მინდა ავხსნა, რომ რამდენიმე ფეხბურთელები ტრავმების გამო გვაკლდა, ბევრი ფეხბურთელი გამოვიყენეთ საქართველოს ჩემპიონატიდან, ძალიან რთულია, რომ ჩვენი ჩემპიონატის ფეხბურთელები იყვნენ იმ გუნდების ფეხბურთელების დონეზე, რომლებიც ჯგუფში გვყავს. ყურადღება ეთმობა ახალგაზრდა მოთამაშეებს, რომლებიც ამ ეტაპზე ვითარდებიან და ექნებათ შესაძლობელობა უფრო ძლიერ ლიგებში ითამაშონ და მერე საქართველოს ნაკრებიც უფრო მაღალ დონეზე ითამაშებს. არის ოპტიმიზმის მოლოდინი და ველით, რომ ყველა ერთად შევცვლით ყველაფერს და უფრო სხვანაირ დამოკიდებულებას გამოვავლენთ და შედეგიც იქნება უკეთესი. ჩვენ ყველა თამაშზე მოსაგებად გავდივართ და გვინდა სამივე თამაში მოვიგოთ. მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელები გვყავს, მამარდაშვილი, დავითაშვილი, კვარაცხელია და სხვები, რომელთაც მთლიანად ყველას მხარდაჭერა სჭირდება. იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო გაძლიერდებიან და დარწმუნებული ვარ, ადამიანი 20 წლის ასაკში ვერ იქნება ისეთივე წარმატებული, როგორც უფრო მაღალ ასაკში, ამას გამოცდილება სჭირდება. ჩვენი მხარდაჭერით გაძლიერდებიან ეს ბიჭები და მჯერა, რომ წლების შემდეგ ბევრად უკეთ წარმოაჩენენ საქართველოს ნაკრებს. ამიტომ, გეტყვით, რომ ერთად დავდგეთ. ერთიანობა არის საჭირო იმისთვის, რომ ჩვენი ნაკრები კიდევ უფრო კარგად განვავითაროთ. მე ძალიან მიყვარს ესპანეთის ნაკრების მაგალითის მოყვანა. მათ 2002-2006 წლებში არ ჰქონდათ საერთაშორისო დონეზე საუკეთესო შედეგები, მაგრამ მათ გეგმა ჰქონდათ. ეს ძალიან რთული ფაზებია, რომელთაც ნაკრებები გადიან და შეგვიძლია გავიხსენით, როგორი სირთულეები ჰქონდა ესპანეთის ნაკრებს, მაგრამ ერთიანობით, საერთო ძალისხმევით მოახერხეს მერე საოცარი შედეგისთვის მიეღწიათ. საქართველოს ნაკრებიც ახლა რთულ ფაზებს გადის, მაგრამ მჯერა, რომ საქართველოს ნაკრები საერთაშორისო დონეზე ამ ახალგაზრდა ფეხბურთელებით უფრო მაღალ დონეზე ავწიოთ და თქვენი მხარდაჭერა ამაში ძალიან მნიშვნელოვანია.

ხვიჩა კვარაცხელიასთან ფსიქოლოგიური საუბარი თუ მექნება? ხუთ დღეში თუ ვინმეს რამის შეცვლა შეუძლია, სავარაუდოდ, ის ჯადოქარია და არა მწვრთნელი. ხუთ დღეში რამის შეცვლა ძალიან ძნელია, მაგრამ კარგი კითხვაა - ხვიჩა 20 წლის მოთამაშეა და ცხოვრებაში არის მომენტი, როცა ვარდნა გაქვს. პენალტები ისეთ ფეხბურთელს აქვს გაცუდებული, როგორიც რობერტო ბაჯოა, ან ბოლოს კილიან მბაპემ საფრანგეთის ნაკრებში ვერ გაიტანა. მაგრამ პენალტის გაცუდება მოთამაშის ხარისხს არ განსაზღვრავს. როცა ასეთი ინტერესია, ცოტა რთულია მენტალურად მყარად იყო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ის მაქსიმალურად დაიხარჯება საქართველოს ნაკრებისთვის და წარმოაჩენს საკუთარ შესაძლებლობებს. მან ზუსტად და კარგად იცის, რას მოველი მისგან მოედანზე და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მას ახლა ძალიან სჭირდება მხარდაჭერა და ჩვენ გვერდში ვუდგავართ ხვიჩას და დარწმუნებული ვარ, თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს წარმოაჩენს.

პატრიოტიზმს ვერავის ვასწავლი, ვიცი, რომ ეს ბიჭებში ყველაში მაღალ დონეზე არის, თუმცა, შემიძლია გავიხსენო ჩემი თავი წარსულიდან და ხანდახან გულს უნდა რაღაცის გაკეთება, მაგრამ ფეხებით არ გამოდის და ეს შეიძლება ყველას ემართება. როცა ახალგაზრდებზე ვსაუბრობთ, მათაც სჭირდებათ გვერდით გამოცდილი მოთამაშეები, რომ გაიზარდონ. ასევე, გვქონდა არა როტაცია, არამედ შესაძლებლობა, რომ სხვა მოთამაშეები გვენახა ნაკრებში, რომ მათ შესაძლებლობებს კარგად გავცნობოდით. ფეხბურთელები ყოველთვის ცდილობენ თამაშში თავისი გრძნობები ჩადონ.

ჩაკვეტაძე? მიხარია, რომ ის ბრუნდება. რთული პერიოდი გამოიარა და საკმაოდ ძნელია მოთამაშისთვის ამ დროს დაბრუნება, განსაკუთრებით ფსიქოლოგიურად. სექტემბერში, გუნდში მხოლოდ 10-12 წუთს თამაშობდა, მაგრამ მიმაჩნია, რომ გვერდში მდგომარეობა ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენც ზუსტად ეს გავაკეთეთ. მას შემდეგ მისი სათამაშო დრო გაიზარდა და ეს ძალიან მიხარია. ის თუ ჯანმრთელად იქნება, ჩვენთვის დიდი ძალიან დიდი ძალა იქნება.

ყაზაიშვილი? ყველა გადაწყვეტილებას მე მივიღებ, ყაზაიშვილთან დაკავშირებით ბევრი ფაქტორი იქნა გათვალისწინებული, მათ შორის, ესპანეთთან და კოსოვოსთან ნაჩვენები მისი თამაში, რომლითაც კმაყოფილი არ ვარ. გარდა ამისა, გავითვალისწინე ხანგრძლივი მგზავრობა და კლუბში მის მიერ ჩატარებული მატჩებიც. ნაკრებში მხოლოდ 23 ფეხბურთელის ყოლა შემიძლია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყაზაიშვილისთვის ნაკრების კარი დაიკეტა, ასე არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ამჯერად არ გამოვიძახე.

ჩემი აზრით, ფეხბურთში მოთამაშეებს დრო სჭირდებათ ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში. საქართველოში თუ 20 ათასი ადამიანია ფეხბურთზე რეგისტრირებული, საფრანგეთში 2 მილიონია. ცხადია, ეს ბევრ რაღაცაში აისახება. ფედერაცია ამ კუთხით დიდ სამუშაოს ატარებს და ყველაფერს თავისი დრო აქვს. ფეხბურთელებმა 12-14 წლის ასაკში უნდა ისწავლონ, მერე ძნელია მათ ასწავლო, რადგან ეს პროცესია. ნამდვილად მინდა ვთქვა, რომ ამ მიმართულებით სერიოზული ნაბიჯები იდგმება. ვცდილობთ ამ გარემოში ფეხბურთელებს ყველაფერი გავუკეთოთ, მაგრამ ღილაკზე თითის დაჭერით ყველაფრის მოგვარება შეუძლებელია. მე და ფედერაცია, რაზეც შევთანხდით ამ მხრივ ყველაფერი სრულდება. წინა მატჩებიდან ჩემში ძალიან დიდი ბრაზი იყო, რადგან ასეთი თამაშით კმაყოფილი არავინაა. ფეხბურთელებთან მქონდა კომუნიკაცია, მაგრამ ეს ყველაფერი გუნდში რჩება“, - თქვა სანიოლმა.s

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები 9 ოქტომბერს, ბათუმში, საბერძნეთს უმასპინძლებს, ხოლო 12 ოქტომბერს, სტუმრად კოსოვოს შეხვდება.

0.102872