ფეხბურთი

1:19 | 3.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

"დერბი დელა მოლეს" ბედი ლოკატელიმ გადაწყვიტა, "ინტერის" ქამბექი "სასუოლოსთან"

იტალიის სერია A-ს მეშვიდე ტურის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი „სტადიო გრანდე ტორინოზე“ შედგა, სადაც „დერბი დელა მოლე“ გაიმართა, რომელიც ყოველთვის ყურადღების ცენტრშია.

„იუვენტუსი“ „ტორინოს“ კარგი სერიით ეწვია და კარგ ხასიათზეც, მაგრამ სატურნირო ცხრილში მაინც ურთულესი მდგომარეობით. მასიმილიანო ალეგრის გუნდს ისევ აკლდა წამყვანი შემტევი დუეტი (დიბალა-მორატა), მაგრამ მისმა გუნდმა დაგეგმილი 3 ქულა მაინც მოიპოვა.

„იუვე“ უპირატესობას ფლობდა და რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი ხელიდან გაანიავა, განსაკუთრებით, ვესტონ მაკკენისა და ალექს სანდროს ეპიზოდებია გამოსარჩევი. დერბის ბედი კი მანუელ ლოკატელიმ გადაწყვიტა, რომელმაც 86-ე წუთზე ერთადერთი გოლი გაიტანა და „იუვემ“, როგორც „ჩელსის“, „ტორინოსაც“ 1:0 აჯობა.

„იუვენტუსმა“ სერია A-ში ზედიზედ მესამე, ხოლო ყველა ტურნირზე ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ იტალიის ჩემპიონატში მარტის შემდეგ პირველად შეინახა კარი მშრალად და 20-მატჩიანი სერია შეწყვიტა, როცა გოლს უშვებდა (სერია A-ში). „იუვე“ გუნდს ემსგავსება, მაგრამ სატურნირო ცხრილში ჯერ კიდევ მძიმე მდგომარეობა აქვს, რადგან მერვე ადგილზეა და მისი კონკურენტები ქულება არ კარგავენ.

ასე მაგალითად, „ინტერი“, რომელმაც რეჯიო ემილიაში „სასუოლოს“ მოუგო. არადა, სიმონე ინძაგის გუნდი პირველი ტაიმის შემდეგ აგებდა, მაგრამ მერე მოედანზე ედინ ჯეკო გამოჩნდა და მან თამაშში გარდატეხა შეიტანა. სწორედ ბოსნიელმა გაათანაბრა ანგარიში, გამარჯვების გოლი კი ლაუტარო მარტინესმა პენალტით გაიტანა.

მეშვიდე ტურის კიდევ ერთ მატჩში „სალერნიტანამ“ „ჯენოას“ უმასპინძლა და 1:0 მოიგო. ეს სალერნოელების პირველი გამარჯვებაა სერია A-ში 1999 წლის შემდეგ...

„სალერნიტანა“ – „ჯენოა“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ჯურიჩი (66)

„ტორინო“ – „იუვენტუსი“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 ლოკატელი (86)

„ინტერი“ – „სასუოლო“ 1:2 (1:0)

გოლები: 1:0 ბერარდი (22), 1:1 ჯეკო (58), 1:2 ლაუტარო (78, პენ)

თეგებისერია A
0.41634