ფეხბურთი

0:14 | 28.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

სფფ-ის წარმომადგენლებმა ბენდელას განახლებული სტადიონი მოინახულეს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები „ბენდელას“ განახლებულ სტადიონს ესტუმრნენ. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, პირველმა ვიცე პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ, გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა და ტექნიკურმა დირექტორმა ზაზა ზამთარაძემ განახლებული სტადიონი საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.

„ბენდელას“ სტადიონს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ საჩუქრად გადასცა მინდვრის საფარი და უზრუნველყო მინდვრის მოწყობის სამუშაოები.

განახლებული სტადიონის დათვალიერების ფარგლებში სტუმრები „საბურთალოს“ ასაკობრივი გუნდის ვარჯიშს დაესწრნენ, ახალგაზრდა მოთამაშეებს სიტყვით მიმართეს, საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და წარმატებული უსურვეს.

„ბენდელას“ სტადიონზე გამართულ ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ აფზახეთის ომში ტრაგიკულად დაღუპული ფეხბურთელის ზაზა ბენდელიანის და ვერიკო ბენდელიანი და ვეტერანი ქართველი ფეხბურთელები.

ლევან კობიაშვილი: „დღეს „ბენდელას“ სტადიონზე ვიმყოფებით, ალბათ ბევრმა იცის თუ რა დატვირთვას ატარებს აღნიშული სტადიონის სახელი. საბურთალოს აკადემია, რომელიც უკვე მრავალი წელია აღნიშნულ მოედანს იყენებს, აქტიურად ეხმარება ქართულ ფეხბურთს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ფეხბურთის ფედერაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი დახმარებით მთლიანად შეიცვალა და მოწესრიგდა მოედნის საფარი. რეაბილიტირებული სტადიონი საბურთალოს სკოლასა და აკადემიას ბავშვების სწორად განვითარებაში დაეხმარება. ამით კი, მთლიანად ქართული ფეხბურთი ისარგებლებს.

მსურს ვისარგებლო შესაძლებლობით და მადლობა გადავუხადო საბურთალოს აკადემიას ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. აღნიშნული აკადემიის აღზრდილები აქტიურად ავსებენ ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებს.

ბოლო წლების განმავლობაში ფეხბურთის ფედერაცია აქტიურად ეხმარება ბავშვთა ფეხბურთს, აღნიშნული პროექტი სწორედ ამ დახმარების შემადგენელი ნაწილია. ეს პროცესი არამარტო დედაქალაქში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. უამრავი მოედანი და სტადიონის რეაბილიტაცია უკვე განხორციელდა, თუმცა ჩვენ კიდევ უფრო მეტის სურვილი გვაქვს.“

GFF.GE

0.122004