ფეხბურთი

21:32 | 22.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა

პოლონეთის ქალაქ კრაკოვში ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის 2021 წლის ევროპის ჩემპიონატი დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობაზე გამართული ხუთი მატჩიდან ორის მოგება მოახერხა და გათამაშება მე-11 ადგილზე დაასრულა.

​ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ ჩვენმა გუნდმა ბრძოლა 9-14 ადგილებისთვის გააგრძელა. პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ბელგიას დაუპირისპირდა და მეტოქე დიდი ანგარიშით - 8:0 დაამარცხა. ამპუტანტთა ნაკრებმა შემდეგი მატჩი გერმანიის წინააღმდეგ გამართა და მინიმალური სხვაობით 1:2 დამარცხდა. ევროპის ჩემპიონატის დასკვნით შეხვედრაში საქართველოს ნაკრები უკრაინას შეხვდა. მატჩის ძირითადი დრო გატანილი გოლების გარეშე 0:0 დასრულდა, პენალტების სერია კი, უკეთესად ჩვენმა გუნდმა შეასრულა და მეტოქე ანგარიშით - 3:1 დაამარცხა.

​ევროპის 2021 წლის ჩემპიონატი პოლონეთში 12-დან 19 სექტემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა თურქეთისა და იტალიის ნაკრებ გუნდებთან ერთად, „დ“ ჯგუფში დაიწყო. კონტინენტის პირველობის გამარჯვებული კი, თურქეთის ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში ესპანეთი ანგარიშით - 6:0 დაამარცხა.

gff.ge

0.150773