ფეხბურთი

10:58 | 22.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრი ფეხბურთელებს გაუბრაზდა: "მათ "იუვეში" თამაში უნდათ" (+VIDEO)

„იუვენტუსმა“ მიმდინარე სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო და სერია A-ში ოთხი ტურის შემდეგ გასავარდნ ზონაშია, რაც გუნდში ატმოსფეროზეც აისახა. სოციალურ ქსელში გავრცელა ვიდეო, რომელშიც „მილანთან“ მატჩის შემდეგ განრისხებული მასიმილიანო ალეგრი სათადარიგო სკამს ტოვებს და გასახდელისკენ მიემართება, როდესაც ტურინელთა მწვრთნელი ფეხბურთელებს აკრიტიკებს.

„ჯანდაბა, მათ „იუვეში“ თამაში უნდათ!“, - ამბობს ალეგრი და მესიჯი ნათელია. მაქსი ფიქრობს, რომ ფეხბურთელთა ნაწილი ტურინული გრანდის დონეს არ შეესაბამება.

ალეგრიმ იმავე მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ შეცვლები არასწორად გააკეთა (დეიან კულუშევსკი, მოიზე კინი და ფედერიკო კიეზა ჩართო თამაშში) და შემტევების ნაცვლად დაცვითი ფუნქციის მოთამაშეები რომ შეეყვანა, 1:0-ს შეინარჩუნებდნენ. გარდა ამისა, ალეგრიმ ფედერიკო კიეზა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მან უნდა გააცნობიეროს რისი გაკეთება შეუძლია და ის, რომ „იუვენტუსში“ თამაში არ არის სხვა გუნდებში თამაშის მსგავსი.

ალეგრის „სპეციასთან“ მატჩის წინ სწორედ კიეზას შესახებ ჰკითხეს და ამჯერად, ის უფრო თავშეკავებული იყო და განმარტა რას მოითხოვს ფეხბურთელისგან, რომელმაც შარშან დიდებული სეზონი ჩაატარა და მერე ევრო 2020-ზეც ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

„მას საოცარი თვისებები აქვს ერთი-ერთზე თამაშში და კარში დარტყმის თვალსაზრისით. მაგრამ უნდა ისწავლოს, რომ არ შეიძლება ყველა ბურთზე 100%-ით დახარჯვა, უნდა გაიგოს, რომ ძალები გაანაწილოს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში დაიღლება და მე-60 წუთზე მისი შეცვლა მომიწევს. ფედერიკომ 95 წუთი უნდა ითამაშოს და გააცნობიეროს როდის გააკეთოს აჩქარება და როდის დაამუხრუჭოს“, - თქვა ალეგრიმ.

გარდა ამისა, იტალიელ სპეციალისტს იმ რეაქციაზეც მოუხდა კომენტირება, რომელიც „მილანთან“ მატჩის შემდეგ გამოავლინა და გულშემატკივრის გადაღებული ვიდეოთი გახდა ცნობილი.

„მეც ადამიანი ვარ და არა რკინა, შესაბამისად, მაქვს ემოციები. გუნდი ორი წელია პაუზის გარეშე თამაშობს, ამიტომ, ისინი, ვინც თამაშში შეცვლებზე ერთვებიან, უფრო მეტად უნდა იყვნენ ბრძოლისუნარიანები, არ შეიძლება შეცვლის შემდეგ 10 კაცით ვთამაშობდეთ. ვითხოვ პატივისცემას, როგორც ძირითადში მყოფი ფეხბურთელების მიმართ სათადარიგოების მხრიდან, ისე პირიქით. უნდა არსებობდეს პატივისცემისა და პასუხისმგებლობის გრძნობა“, - თქვა იტალიელმა.

შეგახსენებთ, „იუვენტუსმა“ 60 წლის შემდეგ პირველად ვერ მოიგო სერია A-ში სასტარტო ოთხი თამაში, დღეს კი სტუმრად „სპეციას“ შეხვდება, რომელიც სატურნირო ცხრილში უსწრებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111352