რაგბი

13:30 | 20.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

პირველი ლიგა | ‘არმია’ გალიდერდა

პირველი ლიგის მეორე ტურიც არასრული გამოდგა. კოვიდ-ინფიცირებულ მოთამაშეთა გამო ორგანიზატორებს ამჯერად ორი თამაშის (‘ვეფხვები’- ბაგრატი’ და ‘ბორჯომი-‘ხვამლი’) გადადება მოუხდათ. ვირუსის გამო მუხიანელები პირველობაზე ჯერჯერობით უთამაშებლები რჩებიან.

ტურში გამართულ შეხვედრათაგან განსაკუთრებულ ყურადღებას „ავჭალა არენაზე“ ‘არმიასა’ და ოზურგეთის ‘არწივების’ დაპირისპირება იპყრობდა. სეზონის წინ ორივე გუნდმა შემადგენლობა საგრძნობლად გააძლიერა, დამრიგებლებიც იცვალა და შესაბამისად, მეტოქეებმა მიზნად დიდი 10-ის საგზურის მოპოვება დაისახეს.

მოსალოდნელისამებრ მატჩი უშეღავათო, საცქერი და შედეგიანი გამოდგა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და მასპინძელთა ბურჯ დავით ბარბაქაძის პირველ ნახევარში გატანილ ლელოს, სტუმრებმა მეორე ნახევრის დასაწყისში თავიანთი გამორჩეული მოთამაშის, შუამარბ ლაშა დონაძის აქტიურობის შედეგად დადებული ლელოთი უპასუხეს და ანგარიშში დაწინაურებაც მოახერხეს.

„არმიელები“ აქცენტს ჩვეულ სტატიკურ ფაზებზე აკეთებდნენ, რაქსაც დროულად ასუთავებდნენ და მოლსაც კარგად აყენებდნენ, რამაც სასურველი შედეგი გამოიღო. დარჩენილ დროში მასპინძელთა მარბიელმა გიორგი ნოდიამ და მღლეტელმა ლევან დარასელიამ 2 ლელოს დადება შეძლეს. გურულებმა ბოლომდე იბრძოლეს, გიორგი ბეჟანიძემ მატჩის მიწურულს გარდასახული ლელოთი ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა, თუმცა ბოლო წუთებმა კვლავ ბექა სხულუხიას შეგირდთა იერიშებში ჩაიარა და „გაწითლებულ“ დროში მასპინძელთა გამოცდილმა ფულბეკმა გოდერძი ჭინჭარაულმა ჯარიმით სეზონში „არმიელთა“ მეორე რთული გამარჯვება დააფიქსირა – 28:23. ‘არმია’ 8 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა. ‘არწივები’ კი პირველობის სადებიუტო შეხვედრაში ნუგეშ-ქულას დაჯერდნენ.

ელიტადან დაქვეითებულმა მარნეულის ‘არმაზმა’ პირველობის სადებიუტო შეხვედრაში განცდილ მარცხზე ჯავრი თელავის ‘ჭადარზე’ საშინაო შეხვედრაში იყარა. ქვემო ქართლელებმა კახელებს ტაიმებში 4-4 ლელო გაუნაწილეს და ბონუსის თანხლებით პირველი დამაჯერებელი გამარჯვებაც მოიპოვეს – 60:6.

‘არმაზის’ წარმატებას სათავე შეხვედრის დასაწყისში მღლეტელ საბა ფერაძის ლელომ დაუდო. მარქაფადან ჩართული მასპინძელთა ბურჯი ჯანო მაისურაძე კი აქტიური თამაშითა და შესრულებული „დუბლით“ გამოირჩა. ასევე აღსანიშნავია ‘არმაზის კაპიტნისა და ერთ-ერთი ლიდერის ლევან ბრაგვაძის გატანილი ეფექტური ლელო. კახელთა მხრიდან ლუკა ნაყეურის კარგი თამაშია აღსანიშნავი. 20 წლის ფეხმარდმა ფრთამ, ვინაც მატჩიდან მატჩამდე პროგრესირებს, პირველ ნახევარში თავის ყოფილ გუნდს 2 ჯარიმა გაუტანა.

ტურის დასკვნით შეხვედრა გორში გაიმართა. ადგილობრივმა ‘ჯიქმა’ „რაგბი ჭალაზე“ სამცხე-ჯავახეთის ‘ტაოს’ უმასპინძლა. მესხებმა პირველ ტურში ‘არმიასთან’ დასანანი მარცხიდან დროული, სწორი დასკვნები გამოიტანეს, რაც სტუმართა თამაშის ხარისხსა და შედეგზეც აისახა. მალხაზ ჭეიშვილისა და სანდრო ესაკიას შეგირდები პირველივე წუთებიდან საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ და მატჩის ბედიც პრაქტიკულად პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს – 35:3. საბოლოოდ ‘ტაომ’ ბონუსით, 49:17 იმარჯვა.

‘ტაო’ სწრაფ, ხელდახელ თამაშს ეძალებოდა და 9 გატანილი ლელოდან დიდი ნაწილი სწორედ ხაზის მოთამაშეთა ანგარიშზეა. მესხთა შუამარბმა და კაპიტანმა გიორგი ტალახაძემ პირველივე ტაიმში „ჰეთ-თრიკი“ შეასრულა. ასევე აღსანიშნავია სტუმართა ჰავბეკ სერგი ყურაშვილისა და მგეზავ ოთარ ტალახაძის კარგი თამაში. კარგად შეწყობილი დუეტი ‘ტაოს’ შემტევ პოტენციალს ერთი-ორად ზრდის. აღებული ბონუსით, ‘ტაომ’ 6 ქულა დააგროვა და ცხრილში მეორე ადგილზე დამკვიდრდა.

RUGBY.GE

თეგებიარმია
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.138296