ფეხბურთი

10:24 | 13.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჟოზე მოურინიო: "ამ კვირაში ყველა მოვატყუე, დღეს კი 14 წლის ბავშვი ვიყავი"

„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინომ „სასუოლოსთან“ (2:1) დრამატული გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. პორტუგალიელის კარიერაში ეს მე-1000 მატჩი გამოდგა და გამარჯვებაც, რომელიც მისმა გუნდმა ბოლო წუთზე მოიპოვა, ძალიან ემოციურად აღნიშნა.

„ამ კვირაში ყველასთან მატყუარა ვიყავი, ჩემი თავიც კი დავაჯერე, რომ ეს მატჩი განსაკუთრებული არ იყო, მაგრამ ეს სიმართლე არ არის, რადგან 1000 თამაში ბევრია და არ მინდოდა დავმარცხებულიყავი, ეს მატჩი ყოველთვის მემახსოვრება. მეშინოდა, რომ წაგებული თამაში გამახსენდებოდა. შეხვედრა შეიძლებოდა 6:6 ან 7:7 დასრულებულიყო, ან მათ 2:1 მოეგოთ, რუი პატრისიომ 2-3 წარმოუდგენელი სეივი შეასრულა, ჩვენ 2 გოლი ცარიელ კარში ვერ გავიტანეთ, ნეიტრალური ქომაგებისთვის საოცარი თამაში იყო. დღეს 58 წლის არ ვიყავი, 10, 12, 14 წლის ვიყავი, ჩემი გარბენი ბავშვის იყო, რომელმაც ოცნებები აისრულა. დიონისს ბოდიში მოვუხადე, მისდამი უპატივცემულობა ჩაფიქრებული არ მქონდა, მათ შესანიშნავად ითამაშეს, რომ მოეგოთ, სათქმელი არაფერი იქნებოდა, რადგან იმსახურებდნენ.

ჩვენმა სპორტულმა დირექტორმა პინტომ თქვა, რომ ფეხბურთის ღმერთს არ სურდა, მოურინიოს მე-1000 მატჩი რომ ვერ მოეგოო და ალბათ ის მართალი იყო. ძალიან ემოციური თამაში იყო“, - თქვა მოურინიომ.

შეგახსენებთ, „რომამ“ სეზონის სტარტზე ყველა ტურნირზე ხუთივე მატჩი მოიგო, რაც მოურინიოს სამწვრთნელო კარიერაში პირველად მოხდა. „ჯალოროსი“ იტალიის ჩემპიონატს „მილანთან“ და „ნაპოლისთან“ ერთად ლიდერობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11312