ფეხბურთი

2:45 | 13.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძეს გოლამდე ცოტა დააკლდა: გიორგის საგოლე მომენტები "სტანდარდთან" (+VIDEO)

ბელგიის იუპილერ ლიგის მეშვიდე ტურში „სერენმა“ ლიეჟის „სტანდარდს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 0:1 წააგო. ამ შეხვედრაში შედგა გიორგი მიქაუტაძის დაბრუნება, რომელიც მოედანზე 46-ე წუთზე გამოჩნდა.

იმ დროისთვის „სერენი“ უკვე აგებდა და ქართველ ფეხბურთელს ნამდვილად შეეძლო მისი გუნდი წაგებისგან დაეხსნა. 20 წლის ჩვენებური ძალზე მონდომებული და აქტიური იყო. 53-ე წუთზე ლიეჟელთა მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ მას ვეღარ აჯობა. 93-ე წუთზე კი კიდევ უფრო ახლოს იყო გოლთან. სტუმართა კიპერი გამოსვლაზე შეცდა, ბურთი მიქაუტაძეს ჩაუვარდა, რომელმაც მცველებს გვერდი აუარა და ძლიერად დაარტყა, მაგრამ კარის ხაზიდან ბურთი მცველმა გამოიტანა და ლიეჟელებმა ასე მოიგეს.

მართლაც ძალიან ახლოს გახლდათ გიორგი „სერენში“ გოლით დაბრუნებულიყო და ცოტა არ გაუმართლა. ამაზე მატჩის შემდეგ მან კომენტარიც გააკეთა: „დაბრუნებით ძალიან ბედნიერი ვარ. თამაში მჭირდება და აქ სწორედ ამისთვის მოვედი. გოლამდე ცოტა იღბალი დამაკლდა, მაგრამ ვიცი, რომ ეს დაბრუნდება“, - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, „სერენმა“ მიქაუტაძე „მეციდან“ ინათხოვრა, ისე როგორც გასულ სეზონში, როდესაც ქართველმა 22 გოლი გაიტანა და გუნდის იუპილერ ლიგაში აღზევებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. „სერენს“ 7 ტურში 9 ქულა აქვს და მეცხრე პოზიციაზეა, 19 სექტემბერს კი, „ანტვერპენს“ შეხვდება.

0.113865