ფეხბურთი

1:44 | 13.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი გოლით დაბრუნდა, მოურინიოს მე-1000 მატჩი დრამატული გამოდგა

იტალიის სერია A-ს 2021-2022 წლების სეზონი ძალიან საინტერესოდ დაიწყო. სამი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს სამი გუნდი ლიდერობს უდანაკარგოდ - „ნაპოლი“, „მილანი“ და „რომა“.

ნეაპოლელებმა ჯერ კიდევ შაბათს იმარჯვეს, ხოლო „მილანმა“ და „რომამ“ მათ კვირას უპასუხეს. „როსონერიმ“ რომის „ლაციოს“ უმასპინძლა, რომელიც ასევე უდანაკარგო იყო ორი ტურის თავზე, მაგრამ მაურიციო სარის გუნდი ლომბარდიელებმა მოახრჩვეს. სტეფანო პიოლის „მილანი“ დიდებულ ფორმაშია და ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა. შავ-წითლები პირველი ტაიმის ბოლოს რაფაელ ლეაომ დააწინაურა და ერთ წუთში ანგარიშის გაორმაგება იყო შესაძლებელი, მაგრამ ფრანკ კესიმ პენალტი ვერ გაიტანა. სამაგიეროდ, მეორე ტაიმში მოედანზე ზლატან იბრაჰიმოვიჩი დაბრუნდა, რომელიც საკმაოდ სერიოზული ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და 7 წუთი დასჭირდა, რომ გოლი გაეტანა, რითაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:0. „მილანს“ 9 ქულა აქვს და იდეალურ ფეხბურთს თამაშობს, წინ კი ჩემპიონთა ლიგაზე ნანატრი დაბრუნება ელოდება და ისტორიაში პირველად „ენფილდ როუდზე“ ითამაშებს, ხოლო სერია A-ს მომდევნო ტურში ტურინში, „იუვენტუსს“ უნდა შეხვდეს.

ჟოზე მოურინიომ სამწვრთნელო კარიერაში მე-1000 მატჩი მოიგო. „რომამ“ „სასუოლოს“ უმასპინძლა და საოცრად დრამატულ ბრძოლაში აჯობა. რაც მთავარია, ორივე გუნდმა დიდებული ფეხბურთი ითამაშა და „სასუოლო“ წაგებას ნამდვილად არ იმსახურებდა. უფრო მეტიც, რომ არა რუი პატრისიუს საოცარი თამაში „რომა“ ამ მატჩს არათუ ვერ მოიგებდა, არამედ წააგებდა, რადგან პორტუგალიელმა მეკარემ რამდენჯერმე გადაარჩინა თანაც, დიდებული სეივებით. „რომა“ ბრაიან კრისტანტეს გოლით იგებდა და ჯურიჩიჩმა მეორე ტაიმის სტარტზე გაათანაბრა. ამის შემდეგ სტუმრებს რამდენჯერმე მიეცათ მეორე გოლის გატანის შანსი, რაც ვერ გამოიყენეს. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი სტეფან ელ შაარავიმ ულამაზესი გოლით „ჯალოროსის“ მოაგებინა. სხვათა შორის, „სასუოლომ“ იქვე შეძლო გათანაბრება და ჯანლუაკ სკამაკამ კიდევ უფრო ეფექტური გოლი შეაგდო, მაგრამ თამაშგარეში იყო და გოლი გაუქმდა. თვითონ თამაში ისეთი გამოვიდა, კალჩოს რომ შეშვენის. მოურინიოს „რომა“ 9 ქულით ერთ-ერთი ლიდერია და ჟოზეს რომაული კარიერა შესანიშნავად დაიწყო.

მიმდინარე სეზონში ქულები პირველად დაკარგა მოქმედმა ჩემპიონმა „ინტერმა“. სიმონე ინძაგის გუნდი სტუმრად „სამპდორიას“ დაუპირისპირდა და პირველ ტაიმში ფედერიკო დიმარკოსა და ლაუტარო მარტინესის გოლებით ორჯერ დაწინაურდა, მაგრამ ორივე გოლი „სამპამ“ გაქვითა და „ინტერს“ ორი ქულა გენუაში დარჩა.

სერია A ახლახან დაიწყო, მაგრამ ბევრ საინტერესოს გვპირდება. მარტო ის რად ღირს, რომ „იუვენტუსს“ კინკილა ქულა აქვს და მე-16 ადგილზეა. მასიმილიანო ალეგრის გუნდი ღრმა კრიზისშია, წინ კი ლიდერ „მილანთან“ თამაში ელოდება.

„სამპდორია“ – „ინტერი“ 2:2 (1:2)

გოლები: 0:1 დიმარკო (18), 1:1 იოშიდა (32), 1:2 ლაუტარო (44), 2:2 აუჯელო (47)

„კალიარი“ – „ჯენოა“ 2:3 (1:0)

გოლები: 1:0 ჟოაო პედრო (16, პენ), 2:0 ჩეპიტელი (56), 2:1 დესტრო (59), 2:2 ფარესი (69), 2:3 ფარესი (78)

„სპეცია“ – „უდინეზე“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 სამარჯიჩი (89)

„ტორინო“ – „სალერნიტანა“ 4:0 (1:0)

გოლები: 1:0 სანაბრია (45), 2:0 ბრემერი (65), 3:0 პობეგა (87), 4:0 ლუკიჩი (90)

„მილანი“ – „ლაციო“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 ლეაო (45), 2:0 იბრაჰიმოვიჩი (67)

„რომა“ – „სასუოლო“ 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 კრისტანტე (37), 1:1 ჯურიჩიჩი (57), 2:1 ელ შაარავი (90)

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.186755