ჭიდაობა

21:37 | 12.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

თავისუფალი ჭიდაობა: 8 მედალი მინსკის საერთაშორისო ტურნირზე

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მინსკში გამართულ ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე - ალექსანდრ მედვედის გრან პრიზე 8 მედალი მოიპოვა. 1 ოქრო, 2 ვერცხლი და 5 ბრინჯაო - ასეთია გიორგი იანტბელიძის გუნდის ბელარუსული მონაგარი.

ტურნირის ჩემპიონი გახდა ზურაბ იაკობიშვილი, რომელმაც 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში აჯობა ყველა მეტოქეს. ფინალში იაკობიშვილმა რუსეთის ნაკრების წევრ რუსლან ჟენდაევს მოუგო, ანგარიშით 7:2. დღესვე, ფინალში იჭიდავეს ნიკა კენჭაძემ (79 კგ) და ირაკლი მწითურმა (92 კგ), მაგრამ ორივე ვერცხლის მედალს დასჯერდა. კენჭაძემ გადამწყვეტ ბრძოლაში თავისთვის სასურველი ფრით (3:3) აჯობა რუსეთის ნაკრების წარმომადგენელ ამანულა გაჯიმაგომედოვს, მაგრამ საჭიდაო დროის ამოწურვის შემდეგ, მსაჯებმა საჯარიმო ქულით დასაჯეს და მისი მეტოქე ქულით და ოქროს მედლით დაასაჩუქრეს. ირაკლი მწითურმა ბელარუსის სახელით მოჭიდავე ამარგაჯი მაგამედოვთან ფინალური შეხვედრა ფრედ - 2:2 დაასრულა და ეს შედეგი გასაჩემპიონებლად არ ეყო.

გოგა ძიგუა (57 კგ), გიორგი ელბაქიძე (70 კგ), დიმიტრი ჯიოევი (74 კგ), ზურიკო ურთაშვილი (97 კგ) და სოლომონ მანაშვილი (125 კგ) ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ. გიორგი გეგელაშვილს (57 კგ), ოთარ გოგავას (61 კგ), ბექა ლომთაძეს (65 კგ), გოგა მამიაურსა (79 კგ) და ტარზან მაისურაძეს (86 კგ) საპრიზო სამეულამდე თითო გამარჯვება დააკლდათ - ხუთივემ მეხუთე ადგილი დაიკავა. ბექა ლომთაძის უმედლოდ დარჩენის მიზეზი ტრავმაა, რომელიც მან ნახევარფინალში მიიღო. მსოფლიოს ქართველი ჩემპიონი ამჯერად ჩვეულზე ერთი წონითი კატეგორიით მაღლა - 65 კილოგრამში, ნახევარფინალში სოლიდური უპირატესობით უგებდა რუს მეტოქეს, როდესაც ნეკნი იტკინა და იმის გამო, რომ მსოფლიოს ჩემპიონატამდე ერთ თვეზე ნაკლები რჩება, ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ლომთაძის მეტად დატვირთვა აღარ გარისკა.

ასევე ნეკნის ტრავმის გამო შეწყვიტა რეპეშაჟის ფინალში ბრძოლა ტარზან მაისურაძემ. მინსკის გრან პრიზე საქართველოს ნაკრები გენო პეტრიაშვილის, ავთანდილ კენჭაძისა და ელიზბარ ოდიკაძის გარეშე გამოვიდა. მინსკიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადებას საწვრთნელი შეკრებით გააგრძელებს. სწორედ დასკვნით შეკრებაზე გამოაცხადებს გიორგი იანტბელიძე მსოფლიოს პირველობაზე დასაყენებელ შემადგენლობას! მსოფლიოს ჩემპიონატი ოქტომბრის დასაწყისში, ოსლოში გაიმართება.

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

0.123101