ფეხბურთი

1:07 | 12.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრის კატასტროფა: "იუვენტუსი" გასავარდნი ზონის ზღვარზე

იტალიის სერია A-ში 3 ტური ჯერ გასულა და „იუვენტუსი“ მე-16 ადგილზეა, ხოლო ტურის დასრულების შემდეგ დიდი შანსია, რომ გასავარდნ ზონაში იყოს! ეს სრულიად რეალურია, რადგან მის უკან მყოფ გუნდებს მესამე ტურში ჯერ არ უთამაშიათ.

მასიმილიანო ალეგრის ხელმეორე მოღვაწეობა „იუვეში“ კატასტროფულად დაიწყო. ტურინული გრანდი ნეაპოლში, „ნაპოლის“ ბევრი ლიდერის გარეშე ესტუმრა, მათ შორის პაულო დიბალას, ფედერიკო კიეზას, ხუან კუადრადოს, არტურის, დანილოს, ალექს სანდროს, კაიო ჟორჟეს, როდრიგო ბენტანკურის. ცხადია, დანაკლისით ისედაც კრიზისში მყოფ „იუვენტუსს“ გაუჭირდა, მაგრამ რომ არა ვოიცეხ შჩესნი ალბათ ქულას მაინც მოიპოვებდა.

პოლონელი მეკარე იტალიური გრანდისთვის სერიოზული პრობლემაა. მის სინდისზეა, რომ „იუვემ“ პირველ ტურში „უდინეზეს“ ვერ მოუგო, ახლა კი მატეო პოლიტანოს მის კარში გოლი რომ გაეტანა, ყველაფერი გააკეთა. ლორენცო ინსინიეს არცთუ სახიფათო დარტყმა შჩესნიმ საშინლად მოიგერია და პოლიტანომ საჩუქარი შეირგო. მანამდე „იუვე“ იგებდა. მე-10 წუთზე ალვარო მორატამ კოსტას მანოლასს ბურთი მოპარა და მეტოქის კარში ზუსტად დაარტყა. ტაიმის ბოლოს დეიან კულუშევსკის უკეთ რომ ეთამაშა, სხვაობა ორამდეც გაიზრდებოდა. ზოგადად, პირველ ტაიმში „იუვე“ თავს ძალიან კარგად იცავდა და არც მეორე ტაიმში დაეწუნებოდა, მაგრამ ჯერ შჩესნის კატასტროფა იყო და მერე, მოიზე კინის, რომელმაც 85-ე წუთზე საკუთარ კარში ისეთი დაარტყა, ბევრი ფორვარდი მეტოქის კარში რომ ვერ ურტყამს. შჩესნი დარტყმას გაუმკლავდა, მაგრამ ისევ წინ მოიგერია ბურთი და იქ უკვე კალიდუ კლულიბალი იყო - 2:1.

„ნაპოლიმ“ მოიგო და ზედიზედ მესამედ დაამარცხა „იუვენტუსი“ საკუთარ მოედანზე, ასეთი სერია კი 2011 წლის მერე პირველად აქვს. „იუვემ“ როგორც ვთქვით ორ ტურში კინკილა ქულა მოიპოვა და ბოლო 52 წელიწადში მსგავსი ცუდი სტარტი ერთადერთხელ ჰქონდა, როცა სამ ტურში ასევე ერთი ქულა მოიპოვა. ისიც მაქს ალეგრის პერიოდში იყო, 2015-2016 წლების სეზონში და მაშინ ტურინული გრანდი მაინც ჩემპიონი გახდა (სეზონის ბოლო 28 მატჩიდან 26 მოიგო). თუმცა, ის სხვა „იუვენტუსი“ იყო, ბევრად მოწიფული და კონკურენტუნარიანი, ახლა კი გუნდში ბევრი პრობლემაა, მათ შორის საკმაოდ დაბალი დონის ფეხბურთელებიც მრავლად არიან და გუნდს კარში ჯიჯი ბუფონის ნახევარიც აღარ ჰყავს. მოკლედ, ძნელი სათქმელია, ამ სეზონში „ბებერი ქალბატონისგან“ რას უნდა ველოდოთ ან თვითონ რას ელის... ამასობაში, ლუჩანო სპალეტის "ნაპოლის" დიდებული სტარტი აქვს და სამივე ტურში გამარჯვება მოიპოვა, შედეგად, სატურნირო ცხრილის სათავეშია, მინიმუმ ერთი დღით.

ტურში კიდევ ორი მატჩი გაიმართა. „ემპოლიმ“, რომელმაც წინა ტურში ტურინში „იუვეს“ მოუგო, შინ „ვენეციასთან“ წაგება მოახერხა, ხოლო ბერგამოს „ატალანტას“ ცუდი სტარტი აქვს და საკუთარ კედლებში ფლორენციის „ფიორენტინასთან“ მარცხი განიცადა.

„ემპოლი“ – „ვენეცია“ 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 ანრი (13), 0:2 ოკერეკე (68), 1:2 ბაირამი (89, პენ)

„ნაპოლი“ – „იუვენტუსი“ 2:1 (0:1)

გოლები: 0:1 მორატა (10), 1:1 პოლიტანო (57), 2:1 კულიბალი (85)

„ატალანტა“ – „ფიორენტინა“ 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 ვლაჰოვიჩი (33, პენ), 0:2 ვლაჰოვიჩი (49, პენ), 1:2 ძაპატა (65, პენ)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117612