ბლოგი

11:03 | 11.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლეოს და კრიშტიანუს გზები ისევ გაიყარა

ევროპის ხუთი მთავარი ეროვნული საფეხბურთო პირველობიდან გერმანია ერთადერთია, სადაც არც ლეო მესის არცკრიშტიანუ რონალდუს არ უთამაშია. უფრო სწორად, არ უთამაშიათ გერმანულ კლუბში, თორემ ალემანთა მიწაზე ორივეს ბევრი შეხვედრა აქვს ჩატარებული და გოლიც მრავალი გაუტანიათ. ამ ორი კაცის ბედის ჩარხი კი ისეთი სისწრაფით ტრიალებს, რომ არაა გამორიცხული მომავალში გერმანიის ბუნდესლიგაც დააგემოვნონ. მანამდე კი...

მანამდე “ბარსელონას“ და არამხოლოდ კალატალონიური კლუბის ბევრი ქომაგი ჯერ კიდევ ვერ გამოსულა შოკიდან და ვერ იჯერებენ, რომ ლურჯ-ბროწეულისფრებთან თანაშეზრდილი და ფაქტობრივად “კამპ ნოუზე“ გაზრდილი ჩია არგენტინელი საფრანგეთში გადაბარგდა. ზოგიერთი იმასაც კი ამბობს, რომმესის წასვლამ “ბარსელონას“ ქომაგობაზე ააღებინათ ხელი და ამ კლუბის ხელმძღვანელობას არასოდეს აპატიებენ ლეოს პარიზში გაშვებას.

რა თქმა უნდა დიდი გულისტკივილი ახლდა თავის დროზე კრიშტიანუ რონალდუს “რეალიდან“ ტურინის “იუვენტუსში“ გადასვლასაც, მაგრამ ფაქტია, რომ პორტუგალიელის იტალიაში წასვლას ასეთი მძაფრი რეზონანსი ნამდვილად არ გამოუწვევია. კრიშტიანუს შემთხვევაში თითქოს დაუჯერებელი არც არაფერი მოხდა. რონალდუს ხომ მადრიდში არ გაუხსნია “შრომის წიგნაკი“ და ლეო მესისგან განსხვავებით, ის არც ესპანეთშია გაზრდილ-დაფრთიანებული.

პორტუგალიელი იმ კლუბს დაუბრუნდა საიდანაც დაიწყო მისი კარიერული წინსვლა. გუშინდელი დღესავით მახსოვს ლეგენდარულმა სერ ალექს ფერგიუსონმა პორტუგალიიდან სრულიად უცნობი პატარა ბიჭი რომ ჩაიყვანა და რონალდუს პირველი შეხვედრაც კი არ დამვიწყებია, რამდენჯერმე მისთვის დამახასიათებელი ორი ფეხით შესრულებული ფინტებით გაფორმებული. მანჩესტერში კრიშტიანუს კარგად დახვდნენ, თუმცა ამ დახვედრას აკლდა გულრწფელი აღფრთოვანება, რაც მხოლოდ ინგლისელების “დამჯდარი“ ბუნებით ვერ აიხსნება. როგორც ჩანს “მანიუს“ქომაგებს ჯერ კიდევ არ დავიწყებიათ კრიშტიანუს უწინდელი გადაწყვეტილება, როდესაც “ოლდ ტრაფორდს“ “სანტიაგო ბერნბეუ“ არჩია და ისედაც ტიტუმრავალ მადრიდულ კლუბს მოაგებინა მრავალი ჯილდო თუ ახალი ტიტული.

ლეო მესის კი პარიზში მართლაც მეფურად დახვდნენ. ასწულეულების წინ ფრანგები ალბათ სწორედ ასე ხვდებოდნენ მრავალ ბრძოლაგადახდილ სარდლებსა და იმპერატორებს. “პსჟ“ რასაკვირველია მდიდარი და მრავლისშემძლე კლუბია, მაგრამ არც ისე დიდი დროა რაც მსოფლიოს ბობოლათა შორისაა გარეული და ლეო მესისთანა ცოცხალი ლეგენდის საფრანგეთის ჩემპიონატში ხილვა ბევრისთვის მაინც დიდი სიურპრიზი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ არგენტინელმა კატალონია ცრემლების ფრქვევით დასტოვა, მას ახლა წარმატების მისაღწევად აუცილებელი მოტივაცია კრიშტიანუზე ნაკლები ნამდვილად არ უნდა ჰქონდეს. არგენტინაში მცირეხნიან ბურთის გორებას თუ არ ჩავთვლით, ლეო მესის “ბარსელონას“ გარდა არსად უთამაშია და მას დიახაც რომ დასამტკიცებელი აქვს ბევრი რამ, რაც წესით დამატებითი მოტივაციის მიმცემი უნდა იყოს. მესი რომ მაგარი ფეხბურთელიაა, ამას კამათი არ უნდა, მაგრამ მან უნდა დაამტკიცოს, რომ ჭეშმარიტი ბომბარდირი ყველგან ბომბარდირია და ღვთის მიერ ბოძებული ნიჭი პარიზშიც უნდა აკეთებდეს თავისას, ბარსელონაშიც და ტყიბულშიც. თუმცა ტყიბულში ახლა ლეო მესისთვის ალბათ ნაკლებად სცალიათ. იქ ხომ ტურიზმი აქვთ ასაღორძინებელი...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111372