ფეხბურთი

20:55 | 8.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

"რუბინის" დირექტორი: "ხვიჩაზე წინადადება საერთოდ არ მიგვიღია და სალაპარაკო არაფერია"

ყაზანის „რუბინის“ გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ძალიან ბედნიერები არიან ქართველის გუნდში დარჩენით.

როგორც საიმანოვმა აღნიშნა, „რუბინს“ არცერთი გუნდისგან ერთი რუბლის შეთავაზებაც არ მიუღიათ.

„ხვიჩა არ წასულა და ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ის დარჩა. არ გვქონია მისი გაყიდვის ამოცანა, უბრალოდ ბევრი საუბარი იყო იმაზე, რომ მისით დიდი რაოდენობით კლუბები ინტერესდებოდნენ. თუმცა, მის ტრანსფერზე ერთი შეთავაზებაც არ ყოფილა - არცერთი კლუბისგან არ ყოფილა ოფიციალური წინადადება. ჩვენ მისთვის ფასი არ დაგვიდია, ამიტომ, ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ მაღალი ფასი მოვითხოვეთ. ერთი რუბლის შეთავაზებაც რომ ყოფილიყო, ვოიტყოდი, მაგრამ რუბლიც არავის შემოუთავაზებია და სხვა რაზეა სალაპარაკო. მზად ვიყავით მოლაპარაკებებისთვის, თუმცა, შეთავაზება არ ყოფილა.

ის დარჩა და ჩვენ გვიხარია, ეს ფეხბურთელი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და გულშემატკივარებსაც უყვართ, მის გამო ფეხბურთზე სიარული დიდი ინტერესით დაიწყეს. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს როგორც წესი, ევროპული კლუბებისგან დიდი აქტიურობა არ არის, მაგრამ ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ახლა ხვიჩა „რუბინის“ ფეხბურთელია.

ვფიქრობ, რომ ყველა ამ საუბარმა რატომღაც კვარაცხელიაზე გავლენა მოახდინა, ის ჯერ კიდევ ახალგაზრდა ფეხბურთელია. შესაძლოა, მას ეგონა, რომ გუნდს ტოვებდა, რამაც დესტაბილიზაცია მოახდინა, ახლა აუცილებლად დამშვიდდება და ითამაშებს”, - თქვა საიმანოვმა Busines-online-სთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია „რუბინში“ 2019 წლიდან თამაშობს და კლუბთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში მას ყველა ტურნირზე ჩატარებულ 6 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129546