ფეხბურთი

1:10 | 23.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრის ცუდი და მოურინიოს კარგი სტარტი: "იუვენტუსი" მეკარემ დააღალატა

მასიმილიანო ალეგრის მეორე ერა „იუვენტუსში“ კარგად არ დაიწყო, სამაგიეროდ, ჟოზე მოურინიომ „რომაში“ შესანიშნავი სტარტი აიღო.

იტალიის სერია A-ს პირველ ტურში „იუვენტუსი“ „უდინეზეს“ ესტუმრა და უკვე 23-ე წუთზე 2:0-ს იგებდა. ჯერ პაულო დიბალამ გაიტანა, მერე არგენტინელმა ხუან კუადრადოს გაუკეთა დიდებული საგოლე პასი და სხვაობა ორამდე გაიზარდა. „იუვე“ თამაშს აკონტროლებდა და უპრობლემოდ უნდა მოეგო, მაგრამ მეორე ნახევარში ყველაფერი თავდაყირა დადგა, უფრო სწორად ვოიცეხ შჩესნიმ დააყენა.

პოლონელმა მეკარემ ჯერ უწყინარ სიტუაციაში თავისივე დაშვებული შეცდომის გამოსწორებას რომ ცდილობდა, პენალტი აიკიდა და უდინელებმა სხვაობა შეამცირეს, ხოლო 83-ე წუთზე კარის წინ ბურთი დაკარგა და ანგარიში გათანაბრდა. სხვათა შორის, სანამ „იუვე“ მეორე გოლს გაუშვებდა, მესამეს გატანა შეეძლო, მაგრამ ჯერ ალვარო მორატამ და მერე როდრიგო ბენტანკურმა ბურთი ძელს გაარტყეს. მსაჯის მეოთხე დამატებულ წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა, მაგრამ სულ მცირე თამაშგარე დაფიქსირდა და ვიდეორეფერიმ გოლი გააუქმა. აღსანიშნავია, რომ ალეგრიმ რონალდუ და ფედერიკო კიეზა ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა, რაც ძალიან მოულოდნელი გადაწყვეტილება იყო.

ამრიგად, ალეგრის ხელმეორე დებიუტი ვოიცეხ შჩესნიმ ჩააფლავა და „იუვენტუსმა“ იმის მიუხედავად, რომ ცუდად არ უთამაშია, 3 ქულა ვერ მოიპოვა. მეორე ტურში ტურინულ გრანდს „ემპოლისთან“ მატჩი ელოდება.

გამარჯვებით დაიწყო ჟოზე მოურინიომ. „რომამ“ „ფიორენტინა“ 3:1 დაამარცხა და ამაში ტამი აბრაჰამის დიდი წვლილია. ინგლისელსაც დებიუტი ჰქონდა და ორი საგოლე პასი გააკეთა. მან ჯერ ჰენრიხ მხითარიანს გაატანინა, მერე ჯორდან ვერეტუს. ამ გოლებს შორის, ნიკოლა მილინკოვიჩმა შეძლო გათანაბრება. „ჯალოროსიმ“ ბოლოს მესამეც შეაგდო, თავი ისევ ვერეტუმ გამოიჩინა - 3:1.

„ნაპოლიმ“ შინ „ვენეციას“ უმასპინძლა, რომელიც ელიტაში 20-წლიანი პაუზის მერე დაბრუნდა. ნეაპოლიტანელებმა კარგად ითამაშეს, თანაც კაცნაკლულებმა, რადგან პირველი ტაიმის შუაში ვიქტორ ოსიმენი გაუძევეს. მეორე ნახევარში ლორენცო ინსინიემ და ელიფ ელმასმა იხეირეს და ლუჩანო სპალეტის დებიუტიც წარმატებული გამოდგა.

1999 წლის მერე ელიტაში დაბრუნებული „სალერნიტანა“ სტუმრად ორჯერ უგებდა „ბოლონიას“ (1:0, 2:1), მაგრამ საბოლოოდ 2:3 წააგო და ქულა ვერ მოიპოვა. პირველი ტურის ორი მატჩი ორშაბათს გაიმართება და საქმეში „მილანიც“ ჩაერთვება, რომელიც გენუაში, „სამპდორიას“ ესტუმრება.

„ბოლონია“ – „სალერნიტანა“ 3:2 (0:0)

გოლები: 0:1 ბონაცოლი (52, პენ), 1:1 დე ლისვესტრი (59), 1:2 კულიბალი (70), 2:2 არნაუტოვიჩი (75), 3:2 დე სილვესტრი (77)

„უდინეზე“ – „იუვენტუსი“ 2:2 (0:2)

გოლები: 0:1 დიბალა (3), 0:2 კუადრადო (23), 1:2 პერეირა (51, პენ), 2:2 დეულოფეუ (83)

„ნაპოლი“ – „ვენეცია“ 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 ინსნიე (62, პენ), 2:0 ელმასი (73)

„რომა“ – „ფიორენტინა“ 3:1 (1:0)

გოლები: 1:0 მხითარიანი (26), 1:1 მილენკოვიჩი (60), 2:1 ვერეტუ (64), 3:1 ვერეტუ (79)

თეგებისერია A
0.198629