ფეხბურთი

1:31 | 22.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

სერია A დაიწყო: "ინტერის" სუპერსტარტი და სარის პირველი გამარჯვება "ლაციოში"

იტალიის სერია A-ს 2021-2022 წლების სეზონმა სტარტი აიღო და მოქმედი ჩემპიონის, „ინტერის“ შესანიშნავი თამაშით დაიწყო.

ანტონიო კონტეს, რომელუ ლუკაკუსა და აშრაფ ჰაკიმის დაკარგვის შემდეგ მილანური გუნდი ბევრისთვის მთავარ ფავორიტად აღარ მიიჩნევა, მაგრამ შეიძლება ეს ძალიან მცდარი მოსაზრებაც იყოს. ყოველშემთხვევაში „ნერაძურიმ“ პირველ ტურში „ჯენოასთან“ დიდებულად ითამაშა, 4:0 მოიგო და ერთმანეთზე ეფექტური გოლებიც გაიტანა.

მატჩის ბედი საწყის 15 წუთში გადაწყდა, საუკეთესო კი ჰაკან ჩალჰანოღლუ იყო, რომელმაც ჯერ მილან შკრინიარს გაატანინა და მერე თავად გაიტანა შორი მანძილიდან ლამაზი გოლი. მეორე ტაიმში გოლი და საგოლე პასი უკვე ცვლილებაზე შესულმა არტურო ვიდალმა მიითვალა. მან ჯერ ნიკოლო ბარელას დიდებული პასით გაიტანა და მერე ედინ ჯეკოს გაატანინა, რომელმაც სადებიუტო გოლი გაიტანა და მანამდე საგოლე პასი მანაც გააკეთა. მოკლედ, სიმონე ინძაგის გუნდი კარგ ფორმაშია და სტარტი დიდებული გამოუვიდა, როგორც თავად თქვა, უკეთესი დასაწყისი წარმოუდგენელიც იყო. სხვათა შორის, ჩალჰანოღლუ და ჯეკო "ინტერის" ისტორიაში პირველი ფეხბურთელები არიან, რომლებმაც სადებიუტო მატჩში გოლიც გაიტანეს და საგოლე პასიც გააკეთეს.

გამარჯვებით დაიწყო რომის „ლაციოში“ კარიერა მაურიციო სარიმ. „არწივები“ სტუმრად „ემპოლის“ ესტუმრნენ და დასაწყისშივე გაუშვეს მეოთხე წუთზე, მაგრამ ორ წუთში გაათანაბრეს, ხოლო პირველი ტაიმი საერთოდაც 3:1 მოიგეს. ყველაფერი სწორედ ამ დროისთვის გადაწყდა და შესვენების შემდეგ არაფერი შეცვლილა. ამრიგად, „ლაციომ“ სეზონი შესანიშნავად დაიწყო.

ბერგამოს „ატალანტას“ ძალიან გაუჭირდა ტორინოში, „ტორინოსთან“, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ ბოლო წუთზე 20 წლის რობერტო პიკოლის გოლით უმძიმეს სამი ქულა მოიპოვა - 2:1. მანამდე გოლები ლუის მურიელმა და ანდრეა ბელოტიმ გაიტანეს. „ტორინომ“ იბრძოლა და მოგებაც შეეძლო, მაგრამ ბოლოს დაცვაში დაშვებული შეცდომა ძვირად დაუჯდა და უქულოდ დარჩა.

რობერტო დე ძერბისა და მანუელ ლოკატელის გარეშე დარჩენილმა „სასუოლომ“ „ვერონას“ სტუმრად მოუგო. ემილიელებს ტრავმის გამო დომენიკო ბერარდიც აკლდათ, მაგრამ მათთვის დამახასიათებელი ლამაზი ფეხბურთი ითამაშეს და სამი ლამაზი გოლიც გაიტანეს.

ამრიგად, სერია A-ს ახალი სეზონი დაიწყო და ნელ-ნელა გახურდება. კვირას საქმეში „იუვენტუსი“ ჩაერთვება, რომელიც „უდინეზეს“ შეხვდება, ხოლო ტური ორშაბათს, „სამპდორიასა“ და „მილანის“ მატჩით დასრულდება.

„ინტერი“ – „ჯენოა“ 4:0 (2:0)

გოლები: 1:0 შკრინიარი (6), 2:0 ჩალჰანოღლუ (14), 3:0 ვიდალი (74), 4:0 ჯეკო (87)

„ვერონა“ – „სასუოლო“ 2:3 (0:1)

გოლები: 0:1 რასპადორი (32), 0:2 ჯურიჩიჩი (51), 1:2 ძაკანი (71), 1:3 ტრაორე (77), 2:3 ძაკანი (90)

„ემპოლი“ – „ლაციო“ 1:3 (1:3)

გოლები: 1:0 ბანდინელი (4), 1:1 მილინკოვიჩ-სავიჩი (6), 1:2 ლაძარი (31), 1:3 იმობილე (41, პენ)

„ტორინო“ – „ატალანტა“ 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 მურიელი (6), 1:1 ბელოტი (79), 1:2 პიკოლი (90)

0.149664