ფეხბურთი

19:27 | 13.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

"სამტრედიამ" აპრილის შემდეგ პირველად მოიგო, ეროვნული ლიგა დროებით შეჩერდა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 23-ე ტური სამტრედიაში დაიწყო, სადაც ადგილობრივმა გუნდმა თბილისის „ლოკომოტივს“ უმასპინძლა და ნანატრი გამარჯვება მოიპოვა.

გია ცეცაძის გუნდს ამ ტურამდე ბოლოს 24 აპრილს ჰქონდა მოგებული და თითქმის 4 თვე 3 ქულის გარეშე განვლო. თუმცა, „ლოკომოტივთან“ ჩინებულად ითამაშა და ბოლოს გამარჯვების გოლიც გაიტანა. აღსანიშნავია, რომ იმერლებმა ორი პენალტი შეასრულეს, პირველ ტაიმში გიორგი არაბიძეს მიეცა შანსი, მაგრამ მეტოქის კარი ვერ აიღო და მეორედ უკვე ბურთთან კობახიძე მივიდა, რომელიც არ შემცდარა.

90-ე წუთზე სამტრედიელებმა პენალტის შესრულების უფლება მოიპოვეს, რომელიც გოლად ოთარ კობახიძემ აქცია და თავისი გუნდის 12-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა.

„სამტრედიამ“ ამ გამარჯვებით 13 ქულა დააგროვა და ისევ მეათე ადგილზეა, ხოლო „ლოკომოტივი“ 36 ქულით მეოთხე საფეხურს იკავებს. ამ მატჩით საქართველოს ჩემპიონატში პაუზა დაისადგურებს, რადგან 4 სექტემბრამდე ქვეყანაში სპორტული ღონისძიებების ჩატარება შეზღუდულია.

„სამტრედია“ – „ლოკომოტივი“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 კობახიძე (90, პენ)

0.11363