რაგბი

14:23 | 11.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

სოსო ტყემალაძის განცხადება ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ "ბორჯღალოსნების" მთავარი მწვრთნელის ლევან მაისაშვილის შესახებ განცხადება გაავრცელა.

"როგორც იცით, საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ლევან მაისაშვილი უკვე ერთ თვეზე მეტია იმყოფება სამხრეთ აფრიკაში, ქალაქ იოჰანესბურგის კერძო საავადმყოფო „ნეთქეა მილპარკჰოსპიტალში“, კოვიდ ინფექციით გამოწვეული გართულებებით.

მისი მდგომარეობა, სამწუხაროდ, კვლავ კრიტიკულად მძიმეა, თუმცა ჩვენ არ ვკარგავთ მისი გამოჯანმრთელების იმედს. ჩვენს ოპტიმიზმს კი მიმდინარე მაღალკვალიფიციური და ყურადღებიანი სამედიცინო მხარდაჭერა გვიძლიერებს, ლევანის უკომპრომისო ბრძოლისუნარიანობასთან ერთად.

მინდა მადლობა გადავუხადო "ნეთქეა ჰოსპიტალის" ქსელის უმაღლეს მენეჯმენტს მხარდაჭერისათვის, განსაკუთრებით "ნეთქეა მილპარკის" ექიმების გუნდს, მათი თავდაუზოგავი შრომისა და დიდი ყურადღებისათვის.

დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ უკომპრომისო ბრძოლაში ლევანის მკურნალობას სასურველი შედეგები მოჰყვება. ყველა მეგობარს საქართველოში თუ სამხრეთ აფრიკაში კი, მოვუწოდებთ, ილოცონ ლევანის ჯანმრთელობისათვის.

ქართული რაგბის და ლევანის ოჯახის სახელით, ასევე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სამხრეთ აფრიკაში მოღვაწე ქართველ ექიმს, ბატონ ვახტანგ რეხვიაშვილს და მის ოჯახს, ასევე საქართველოს ელჩს სამხრეთ აფრიკაში ბატონ ბექა დვალს, ვინც განსაკუთრებულ და მნიშვნელოვან მომენტში პირველივე დღეებიდან გვერდში უდგას ჩვენს დიდ ოჯახს და ქართულ რაგბის", - ციტირებს რაგბის კავშირი სოსო ტყემალაძის სიტყვებს.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115744