სხვა

15:00 | 6.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა ტალახაძე: "ამ ადამიანებს ჩემს გამარჯვებაში დიდი წვლილი შეაქვთ"

ზედიზედ მეორედ მოპოვებული ოლიმპიური ჩემპიონობის შემდგომ დღეს ლაშა ტალახაძე საქართველოში დაბრუნდება. ქართველმა ძალოსანმა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში პოსტი განათავსა, რომელსაც თან ფოტო დაურთო და იმ ადამანებზე გაამახვილა, ყურადღება, რომლებიც მის გუნდს წარმოადგენენ. ლაშამ ასევე გულშემატკივრებსა და სამედიცინო შტაბს მადლობა გადაუხადა.

"ამ ფოტოზე არიან ის ადამიანები, ვისაც ჩემს გამარჯვებაში დიდი წვლილი შეაქვთ, მინდა დიდი მადლობა ვუთხრა მათ, ჩემს მწვრთნელებს : ძალოსნობის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, გიორგი ასანიძეს. პირად მწვრთნელს, ავთანდილ გახოკიძეს... დიდი მადლობა ექიმებს, გუნდის ექიმს, გიორგი ჭინჭარაულს და ოლიმპიური ნაკრების მთავარ ექიმს ზურაბ კახაბრიშვილს, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ ჩემს ჯანმრთელობაზე. ასევე მადლობა მასაჟისტს - რუსლან ღიბრაძეს.

ახლა კი გულშემატკივრებო! უამრავი შეტყობინება მივიღე, უამრავი თბილი სიტყვა, რაზეც გიხდით უდიდეს მადლობას. ვერ გპასუხობთ სათითაოდ პირად მიმოწერაზე, მაგრამ ვგრძნობ თქვენს სიყვარულს და ეს მიათმაგებს ბრძოლის უნარს... წინ კიდევ ბევრი საერთაშორისო ასპარეზია, სადაც ვეცდები ჩემი მაქსიმუმი ჩავდო და მრავალჯერ გაგახაროთ! მადლობა გულშემატკივრობისათვის!", - დაწერა ლაშამ.

ლაშა ტალახაძემ ოქროს მედლის მოპოვებასთან ერთად სამმაგი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მან ატაცში 223 კგ, აკვრაში 265 კგ, ხოლო ორჭიდში 488 კგ დააფიქსირა და სამივე კატეგორიაში ეს არის როგორც ოლიმპიური, ისე მსოფლიო რეკორდი. ის ერთადერთი სპორტსმენია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომელმაც ორჯერ მოიპოვა ოლიმპიური ჩემპიონობა (თანაც ზედიზედ).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11896