სხვა

19:53 | 4.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

Tokyo 2020-ზე ხვალ თავისუფალი სტილით მოჭიდავეები იწყებენ - 5 აგვისტოს განრიგი

4 აგვისტოს საქართველოს დელეგაციას კიდევ ერთი დაგეგმილი ოქროს მედალი დაემატა. ლაშა ტალახაძემ როგორც მოსალოდნელი იყო პირველობა არავის დაუთმო და ოლიმპიური ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ მოიპოვა. საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა რიოში ნაჩვენები შედეგი, როდესაც 7 მედალი აიღო, გაიმეორა და ხვალიდან მისია მხოლოდ მისი გაუმჯობესება იქნება.

ტალახაძე ფიცარნაგზე უკონკურენტო იყო. ქართველმა ძალოსანმა ატაცში პირველივე მოძრაობაზე სხვებზე უმჯობესი შედეგი დააფიქსირა (208 კგ) და უახლოეს მდევარ ალი დავოუდის 8 კგ-ით აჯობა. ამის შემდეგ ლაშამ მეორე ცდაზე 215 კგ დააფიქსირა, ხოლო მესამე ცდაზე 223 კგ-იანი შტანგაც დაიმორჩილა და მსოფლიო რეკორდი (ისევე, როგორც ოლიმპიური) დაამყარა! ლაშამ რამდენიმე თვის წინ მის მიერვე დამყარებული მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა (222 კგ).

აკვრაში ყველა მონაწილემ გამოსვლა რომ დაასრულა, შემდეგ დაიწყო ასპარეზობა ტალახაძემ, რომელმაც პირველივე ცდაზე 245 კგ დააფიქსირა, ორჭიდში 468 კგ დააფიქსირა და ოლიმპიური ჩემპიონი ისე გახდა, რომ ორი ცდა კიდევ წინ ჰქონდა, რაც ცხადია, შედეგის გაუმჯობესებისთვის და მსოფლიო რეკორდებისთვის (შესაბამისად, ოლიმპიური რეკორდებისთვისაც) გამოიყენა. მეორე ცდაზე მან 255 კგ, ხოლო მესამე ცდაზე მან 265 კგ დააფიქსირა, რითაც აკვრაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა, გააუმჯობესა რა, 2019 წელს მისივე დამყარებული რეკორდი (264 კგ). მან ორჭიდის ჯამში 488 კგ დააფიქსირა, რაც ასევე მსოფლიო რეკორდია და ამ შემთხვევაშიც, ლაშამ თავისი რეკორდი მოხსნა, რომელიც აპრილში დაამყარა (285 კგ).

იმედები ვერ გაგვიმართლა რამაზ ზოიძემ. ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავემ, 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის გერმანელ ფრანკ შტებლერს დაუპირისიპირდა, რომელიც სამგზის მსოფლიოს და ორგზის ევროპის ჩემპიონია.

ქართველმა ფალავანმა გამოცდილი მეტოქის ძლევა ვერ მოახერხა და მედლის გარეშე დარჩა. შედეგად, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ასპარეზობა 1 ვერცხლით დაასრულა, რომელიც იაკობ ქაჯაიამ მოიპოვა.

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში 5 აგვისტოდან ასპარეზობაში თავისუფალი სტილით ნაკრების წევრები ჩაებმებიან, რომელშიც საქართველოს სამი წარმომადგენელი ჰყავს. 5 აგვისტოს გენო პეტრიაშვილი და ავთანდილ კენჭაძე იჭიდავებენ, მათი მეტოქეები უკვე ცნობილია.

გენო პეტრიაშვილი (125 კგ) მერვედფინალში ეგვიპტელ ქამალ აბდელმოტალებს შეხვდება და თუ მის ბარიერს დაძლევს, მეოთხედფინალში რუს სერგეი კოზირევსა და ჩინელ ჟივეი დენგს შორის გამარჯვებულს დაეჭიდება. გენოს ბადეში არ არის მისი მთავარი კონკურენტი თურქი ტაჰა აკგული და მათი გზები მხოლოდ ფინალში იკვეთება, თუ ორივე შეძლებს ზედიზედ სამი გამარჯვების მოპოვებას.

125 კგ წონით კატეგორიაში ბადის ერთი მხარე ასეთია: გენო პეტრიაშვილი (საქართველო), ქამალ აბდელმოტალები (ეგვიპტე), სერგეი კოზირევი (რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი), ჟივეი დენგი (ჩინეთი), ამირ ეგზონ შალა (კოსოვო), ჯაჰიდ ბერაჰალი (ალჟირი), ამირ ჰოსეინ ზარე (ირანი), ოლექსანდრ ხოციანივსკი (უკრიანა).

ბადის მეორე მხარე: ტაჰა აკგული (თურქეთი), ამარვეერ დესი (კანადა), აიალ ლაზარევი (ყირგიზეთი), დენ სტივენსონი (აშშ), ლხაგვარგერელ მუნხტური (მონღოლეთი), ძიანის ხრამიანკოუ (ბელარუსი), გენადი სუდინოვიცი (გერმანია), იუსუპ ბატირმურზაევი (ყაზახეთი).

გენო რიოში გასულ ოლიმპიადაზე მოპოვებული ბრინჯაოს მედლის ოქროში გადაცვლას ტოკიოში ეცდება და ამისთვის საკმარისი მოტივაცია გააჩნია. ქართველი ფალავანის ტიტულთა ნუსხას ოლიმპიური ჩემპიონობა ნამდვილად დაამშვენებდა.

პეტრიაშვილს ხალიჩაზე ჩვენი დროით 06:30 საათზე ვიხილავთ. მისი ბრძოლა პირველივეა.

მეორე მოჭიდავე, რომელიც თავისუფლებს წარადგენს, ავთანდილ კენჭაძეა. 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველივე წრეში მას რთული მეტოქე ერგო - იტალიელი ფრანკ ჩამიზო. მეოთხედფინალში პოტენციური მოწინააღმდეგე კი აზერბაიჯანელ ტურან ბაირამოვსა და უკრაინელ ვასილ მიხაილოვს შორის გაირკვევა.

74 კგ წონით კატეგორიაში ბადის ერთი მხარე ასეთია: ფრანკ ჩამიზო (იტალია), ავთანდილ კენჭაძე (საქართველო), ტურამ ბაირამოვი (აზერბაიჯანი), ვასილ მიხაილოვი (უკრაინა), გარსონ კაბალერო (კუბა), მაჰამედხაბიბ კაძიმაჰამედაუ (ბელარუსი), დუგლას დეიკი (აშშ), მოსტაფა ჰოსეინხანი (ირანი).

ბადის მეორე მხარე: ზაურბეკ სიდაკოვი (რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი), აუგუსტო მიდანა (გვინეა-ბისაუ), ფრენკლინ მატოსი (პუერტო რიკო), ბეკზოდ აბდურახიმონოვი (უზბეკეთი), ამრ რედა რამადან ჰუსეინი (ეგვიპტე), კამილ რიბიჩკი (პოლონეთი), კეისუკე ოტოგურო (იაპონია), დანიარ კაისანოვი (ყაზახეთი).

4 აგვისტოს ჭიდაობაში ასპარეზობები თბილისის დროით 06:30 საათზე უნდა დაიწყოს და პირველივე შეხვედრა კენჭაძესა და ჩამიზოს შორისაა ჩანიშნული.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ანგარიშზე დღეის მდგომარეობით 7 მედალია. ოქროს ლაშა ბექაური და ლაშა ტალახაძე, ვერცხლის მედგებს ვაჯა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, გურამ თუშიშვილი და იაკობ ქაჯაია, ხოლო ბრინჯაოს ანტონ პლესნოი დაეუფლნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115637