ჭიდაობა

18:48 | 31.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტოკიო 2020: მედლებისთვის ბრძოლაში მოჭიდავეები ერთვებიან - 1 აგვისტოს განრიგი

31 ივლისს საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ყულაბას კიდევ ერთი მედალი დაემატა. ანტონ პლესნოიმ ბოლომდე იბრძოლა და საქართველოს მიმდინარე ზაფხულის თამაშებზე ძალოსნობაში პირველი ოლიმპიური მედალი მოუპოვა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ქართველი სპორტსმენების მონაგარი უკვე 1 ოქრო, 3 ვერცხლი და ერთიც ბრინჯაოა. დღეს წარმოშობით უკრაინელმა პლესნოიმ, რომელიც წლებია საქართველოს სახელით ასპარეზობს სინჯთა კატეგორია შეავსო.

სამწუხაროდ ბოლო ადგილზე გავიდა მძლეოსანი ბაჩანა ხორავა. მან 16 სპორტსმენს შორის 7,41მეტრით მე-14 ადგილი დაიკავა. აღნიშნულ ტურნირზე ორმა სპორტსმენმა შედეგი საერთოდ ვერ დააფიქსირა, ამიტომაც ითვლება, რომ ჩვენებური ბოლო პოზიციას დასჯერდა.

პირველ აგვისტოს საქართველოს სახელს მხოლოდ ერთი სპორტსმენი დაიცავს. საქმეში მოჭიდავეები ჩაერთვებიან, პირველი კი ბერძნულ რომაული სტილით 130 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე იაკობ ქაჯაია გამოვა.

მოჭიდავეების ტურნირი 05:00 საათიდან იწყება, თუმცა ქაჯაიას C ხალიჩაზე გამოსვლა მე-7-ეს უწევს და სავარაუდოდ მას 06:00-ზე ვიხილავთ.

2019 წლის ევროპის ვერცხლის პრიზიორის მეტოქე 1/8 ფინალში ფინელი მატი კუოსმანენი იქნება. ხვალ შეხვედრები ნახევარფინალის ჩათვლით გაიმართება. იმ შემთხვევაში თუ იაკობი ხვალ სამ შეხვედრას მოიგებს, მედალი უკვე გარანტირებული ექნება. ფინალი კი 2 აგვისტოსაა დაგეგმილი. ჩვენებურის პირევლ მეტოქეს ზურგს ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული 2 ბრინჯაოს მედალი უმაგრებს.

ქართველისა და ფინელი მეტოქის წყვილში გამარჯვებული 1/4 ფინალში რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის სახელით მოასპარეზე სერგეი სემენოვისა და ეგვიპტელი მუჰამედ აჰმედ აბდელატიფის წყვილში უმჯობესს შეხვდება.

რაც შეეხება თავად ქართველ ფალავანს, მან ჭიდაობაზე სიარული 10 წლის ასაკში წყალტუბოში დაიწყო. 27 წლის სპორტსმენის მიღწევები კი შემდეგნაირია:

ოლიმპიური თამაშები - მე-7 ადგილი (რიო)

მსოფლიო ჩემპიონატი - მე-10 ადგილი -2014 წელი ტაშკენტი, 24-ე 2015 წელი ლას ვეგასი, ხოლო ნურ სულთანში გამართულ პლანეტის პირველობაზე 2019 წელს მან ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ევროპული თამაშები - 2019 წელი მინსკი - პირველი ადგილი

ევროპის ჩემპიონატი - 2018 წელი კასპიისკი - მე-3 ადგილი, 2019 წელი ბუქარესტი - მე-2 ადგილი, 2021 წელი ვარსავა - მე-2 ადგილი

კვალიფიკაციის დაძლევისა და შემდეგ ეტაპებზე გასვლის შემთხვევაში, 1 აგვისტოს კიდევ 4 ქართველს უნდა ეასპარეზა. თუმცა, სოფიკო შათირიშვილი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, ესკერხან მადიევი და გიორგი ხარაბაძე ოლიმპიადას ნაადრევად, მედლის გარეშე დაემშვიდობნენ. მიზანთან ყველაზე ახლოს ქართველი მოკრივე იყო, რომელიც მეოთხედფინალში დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს 5 მედალი აქვს. ოქროს ლაშა ბექაური, ვერცხლს: ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი და გურამ თუშიშვილი, ხოლო ბრინჯაოს - ანტონ პლესნოი დაეუფლნენ.

0.118153