ავტოსპორტი

4:42 | 24.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

„რედ ბულს“ ფერსტაპენის ავარია 1.8 მილიონი დოლარი დაუჯდა

ბრიტანეთის დიდი პრიზის რბოლისას, ლუის ჰამილტონთან შეჯახების შედეგად, მაქს ფერსტაპენის „რედ ბული“ კედელს 51G გადატვირთვით დაეჯახა. ამან მანქანა ძლიერ დააზიანა. და გუნდის შეფი კრისტიან ჰორნერი ამბობს, ეს ავარია „რედ ბულს“ 1.8 მილიონი დოლარი დაუჯდა.

„იმის გათვალისწინებით, რომ მანქანა ძლიერ დაზიანდა, რისთვისაც ჰამილტონი რბილად დაისაჯა, ჩვენ მომხდარს კვლავ ვაანალიზებთ. ჩვენ გვაქვს იმის უფლება, რომ ხელახალი განხილვა მოვითხოვოთ. ვეძებთ მტკიცებულებებს, შემდეგ კი საკუთარ შესაძლებლობებს გავაანალიზებთ“, - ამბობს ჰორნერი.

სპრინტის მოგების შემდეგ, ფერსტაპენი ჰამილტონს 33 ქულას უგებდა, რბოლის შემდეგ კი მათ შორის სხვაობა 8 ქულამდე შემცირდა. მათი შეჯახება მოსახვევ კოპსში მოხდა, როცა ჰამილტონი შიდა რადიუსით უტევდა, მაგრამ არახელსაყრელი ტრაექტორიის გამო, სიჩქარის შემცირება დასჭირდა. ფერსტაპენმა წინ გასვლა შეძლო, მაგრამ მათ მანქანებს შორის მცირე შეჯახება მოხდა, რამაც „რედ ბული“ კედლისკენ „გაგზავნა“ და ამ დროს ჰოლანდიელი მხოლოდ მგზავრის როლში იყო.

ჰორნერმა რბოლის დირექტორ მაიკლ მასისთან ჰამილტონის აგრესიული მართვა გაასაჩივრა, მალე კი „მერსედესის“ შეფმა ტოტო ვოლფმა სტიუარდების ოთახს იმ დროს მიაშურა, როცა ისინი მომხდარს განიხილავდნენ. მალე იქ „რედ ბულის“ შეფიც გამოჩნდა.

ამის გამო, ორივე გუნდმა მითითება მიიღო, რომ მათ სტიუარდბის ოთახში, მიწვევის გარეშე შესვლა ეკრძალებათ. ჰორნერმა თავი იმართლა, იქ იმისთვის მივედი, რომ ოთახში ვოლფის ყოფნა არ შეიძლებოდაო.

„გაგახსენებთ, რომ მაქსის ლიცენზიას საჯარიმო ქულები არ უწერია. ბოლო სეზონებში ის არცერთ ინციდენტში არ დაუდანაშაულებიათ. ფ1-ის 17 წლის ახალბედა და აგრესიული მაქს ფერსტაპენი, რომელსაც ჰამილტონი ახსენებს, არ არის ახლანდელი მაქს ფერსტაპენი. ისევე, როგორც გამილტონი ისევ ის მრბოლი არაა, როგორიც კარიერის დასაწყისში იყო. ფაქტი ისაა, რომ ჰამილტონს ახლა უკვე ჰყავს თავისი ტოლსწორი მეტოქე, რომელიც კონკურენტუნარიანი მანქანით ასპარეზობს. ორივე მრბოლმა ერთმანეთის მიმართ პატივისცემა უნდა გამოიჩინოს. მაგრამ ჰამილტონი კვირის რბოლისას აგრესორი იყო“, - ამბობს ჰორნერი.

0.119479