ჭიდაობა

22:25 | 23.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჭაბუკთა მსოფლიოს პირველობა: სამი ქართველი მოჭიდავე ფინალში გავიდა

ჭაბუკთა მსოფლიოს პირველობაზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა დიდებული სტარტი აიღო. ბუდაპეშტში მიმდინარე ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს ხალიჩაზე 5 ქართველი გავიდა და სამი ფინალშია, ერთიც ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

48 კგ წონით კატეგორიაში ლუკა ჯავახაძემ უკრაინელ არსენი კუტილს (5:1), რუს პაველ ბონდარს (7:6) და ყაზახ იუსუფ აშრაპოვს (3:3) აჯობა. მას ფინალში თურქ სერვეტ ანგისთან დაპირისპირება ელოდება.

65 კგ წონით კატეგორიაში ანრი ფუტკარაძემ შვედი ედვინ ბაფი (7:0), აბდულა იშონხუჯაევი (7:0) და თურქი ნიჰატ კარა (5:4) დაამარცხა. ფინალში კი უკრაინის სახელით მოასპარეზე იმედა ხუჯაძეს შეხვდება.

80 კგ წონით კატეგორიაშიც ფინალისტი გვყავს - აჩიკო ბოლქვაძე გადამწყვეტ შეხვედრამდე ისე მივიდა, რომ ქულაც არ გაუშვია. მან ბეიბიტ კორგანოვი 9:0, პატრინ გორდანი 9:0 და ჯოჯუ სამადოვი 8:0 დაამარცხა. ფინალში ის რუს კამალუდინ მაგომედოვს შეხვდება.

55 კგ წონით კატეგორიაში თამაზ ღლონტმა უკრაინელ ერიკ შევჩენკოსა (7:1) და უზბეკ ნავზოდ ახმედოვს (2:0) აჯობა, ხოლო ნახევარფინალში რუს ვალერი მაგნუტოვთან 3:4 წააგო. შედეგად ღლონტი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. 110 კგ წონით კატეგორიაში დავით მგელაძე პირველივე წრეში 0:4 დამარცხდა ირანელ ომიდ პაიდართან.

ქართველი მოჭიდავეები მედლებისთვის ფინალსა და მესამე ადგილისთვის 24 ივლისს იჭიდავებენ. ამავე დღეს ასპარეზობას კიდევ 5 ქართველი მოჭიდავე დაიწყებს: ანრი ხოზრევანიძე, ბესო მახარაძე, რატი ხოზრევანიძე, თორნიკე მიქელთაძე და გორ აივაზიანი.

აქვე გეტყვით, რომ მანამდე ჭაბუკთა მსოფლიოს პირველობა თავისუფალ ჭიდაობაში გაიმართა. გიორგი გოგრიჭიანმა ვერცხლის, ხოლო თორნიკე სამხარაძემ ბრინჯაოს მედლის დაუფლება მოახერხა.

0.138958