სხვა

3:57 | 21.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

სიფან ჰასანის სამმაგი მისია ტოკიოში

ეთიოპიური წარმოშობის ჰოლანდიელი მორბენალი სიფან ჰასანი ორგზის მსოფლიო ჩემპიონია, მაგრამ 28 წლის მორბენალ ქალს, ჯერ ოლიმპიური მედალი მოპოვებული არ აქვს. ამ ნაკლის გამოსწორებას ის ტოკიოში ეცდება, სადაც ყველასთვის გასაოცრად, სამი დისტანციის განაცხადშია.

ტოკიოში ის 1 500, 5 000 და 10 000 მეტრზე იასპარეზებს. პირველ და მესამე დისტანციაზე, მან დოჰას (ყატარი) მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვა. ამასთან, 10 კილომეტრზე ეს მისთვის სულ მეორე გამოსვლა იყო. და პირველად იმისთვის იასპარეზა, რომ დჰაში გამოსვლის უფლება მიეღო.

განაცხადში ყოფნა არ ნიშნავს, რომ ყველაზე იასპარეზებს. მას რომელიმედან მოხსნა შეუძლია, რადგან ერთ ტურნირზე სამ დისტანციაზე გამოსვლა უზარმაზარ ენერგიას და ამტანობას მოითხოვს.

„ეს ბევრია, მაგრამ როგორც ჩანს, მას ეს შეუძლია. რა თქმა უნდა, სამივეში ოქროს მოპოვება ძალიან ძნელია“, - ამბობს ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ამერიკელი სპრინტერი მაიკლ ჯონსონი.

ჰასანმა ეთიოპია 15 წლისამ დატოვა და ლტოლვილის სტატუსით ჰოლანდიას შეაფარა თავი. 2019 წელს მან ერთ მილზე (1 602 მეტრი) სირბილში მსოფლიო რეკორდი (4:12.33) დაამყარა. 1 500 მეტრზე პირველად 2011 წელს იასპარეზა, რამდენიმე დღის შემდეგ კი უკვე ნახევარ მარათონზე გამოვიდა. მას შემდეგ, ყოველთვის დიდ მიზნებს ისახავს.

„პირველივე დღიდან მჯერა, რომ 1 500 მეტრის 3:50-ზე ნაკლებში გარბენა შემიძლია. არ ვიცი, რატომ ეს მჯერა. უბრალოდ, მჯერა“, - ტოკიოს თამაშების დაწყებამდე განაცხადა ჰასანმა.

ტოკიოში მას მხოლოდ დროსთან პაექრობა არ მოუწევს. იქ ძლიერი მეტოქეებიც ეყოლება. 1 500 მეტრზე კენიელი ფაით კიპიეგონი ჰყავს დასამარცხებელი, მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი, ვისთანაც ბრილიანტის ლიგის მონაკოს შეხვედრაზე წააგო. 10 000 მეტრზე კი მეტოქედ ეთიოპიელი ლეტესენბეტ გიდი ჰყავს, ვინც მსოფლიო რეკორდი გაუუმჯობესა. არადა, ჰასანს ეს რეკორდი ორი დღით ადრე ჰქონდა დამყარებული. ამიტომ ჰასანს ამ დისტანციაზე რევანშიც სწყურია...

0.154754