ფეხბურთი

10:19 | 11.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

მესის პირველი სანაკრებო ტიტული: არგენტინამ კოპა ამერიკა მოიგო

არგენტინის ნაკრების 28-წლიანი უტიტულო პერიოდი დასრულდა და შესაბამისად, ლიონელ მესიმაც როგორც იქნა, პირველი სანაკრებო ტიტული მოიგო!

კოპა ამერიკის ფინალში არგენტინის ნაკრებმა რიოში, „მარაკანაზე“ ბრაზილიის ნაკრებს მოუგო და ასე ნანატრი გამარჯვება მოიპოვა. ლიონელ სკალონის გუნდმა „სელესაოს“ დამსახურებულად აჯობა, გოლი სწრაფადვე გაიტანა და მერე თავი ისე დაიცვა, რომ პრაქტიკულად ბრაზილიას რეალური საგოლე მომენტიც არ შეაქმნევინა.

მატჩის გმირი ანხელ დი მარია გახდა. არგენტინელმა შემტევმა 22-ე წუთზე ედერსონთან პირისპირ გასვლა შეძლო და გამოცდილ კიპერს ბურთი თავზე მოხდენილად გადაუგდო. გოლში დიდი წვლილი მიუძღვის როდრიგო დე პაულს, რომელმაც დი მარიას ფანტასტიკური პასი გაუკეთა.

ბრაზილიის ნაკრებს ცუდი თამაში ჰქონდა, ვერაფერი მოუხერხა არგენტინელთა უკანა ხაზს, მიუხედავად იმისა, რომ ნეიმარი ცდილობდა, მას თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს. უფრო მეტიც, მატჩის ბოლოს კონტრშეტევაზე „ალბისელესტეს“ ჰქონდა ორი საგოლე შანსი, მაგრამ ჯერ ლეო მესიმ ვერ გაიტანა, მერე როდრიგო დე პაულმა.

არგენტინის ნაკრებმა 1993 წლის შემდეგ პირველად მოიგო ტიტული და მაშინაც კოპა ამერიკას შესწვდა. ეს ტურნირი არგენტინას უკვე 15-ჯერ აქვს მოგებული და ურუგვაის გაუთანაბრდა.

მთავარი ის არის, რომ ლიონელ მესი ნაკრებში უტიტულოდ აღარ არის. იმის მიუხედავად, რომ აქამდე 20-წლამდე მსოფლიოს ჩემპიონატი და ოლიმპიური თამაშები ჰქონდა მოგებული, ეს ახალგაზრდულ დონეზე, ეროვნულ ნაკრებთან ერთად კი პირველად შეძლო ტრიუმფატორობა, თანაც, სად და ვის წინააღმდეგ? „მარაკანაზე“ ბრაზილიასთან...

არგენტინა - ბრაზილია 1:0 (1:0)

რიო დე ჟანეირო, „მარაკანა“

არგენტინა (4-4-2): მარტინესი; მონტიელი, რომერო (პეცელა 79), ოტამენდი, აკუნა; დი მარია (პალასიოსი 79), დე პაული, პარედესი (როდრიგესი 54), ლო სელსო (ტალიაფიკო 63); მესი, ლაუტარო მარტინესი (გონსალესი 79)

მწვრთნელი: ლიონელ სკალონი

ბრაზილია (4-2-3-1): ედერსონი; დანილო, მარკინიოსი, ტიაგო სილვა, რენან ლოდი (ემერსონი 76); კაზემირო, ფრედი (ფირმინო 46); ევერტონი (ვინისიუსი 63), პაკეტა (გაბრიელ ბარბოსა 76), ნეიმარი; რიშარლისონი

მწვრთნელი: ტიტე

გოლი: 1:0 დი მარია (22)

გაფრთხილება: პარედესი (33), ლო სელსო (51), დე პაული (68), ოტამენდი (81), მონტიელი (89) - ფრედი (3), რენან ლოდი (70), პაკეტა (72), მარკინიოსი (81)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 4 (2) – 9 (4) ბურთის ფლობა: 40%-60% კუთხურები: 1:4 თამაშგარე: 0:3

მსაჯი: ესტებან ოსტოიჩი (ურუგვაი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.137112