ავტოსპორტი

10:24 | 8.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფ1-ის არგენტინელი ვარსკვლავი კარლოს როიტემანი გარდაიცვალა

ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი, არგენტინელი კარლოს როიტემანი, 79 წლისა, ღვიძლის კიბოთი გარდაიცვალა. მან დაახლოებით ათი წელი, ფორმულა 1-ის ტიტულისთვის ბრძლაში გაატარა და ერთხელ ვიცე ჩემპიონიც გახდა, ბოლოს კი პოლიტიკოსი იყო.

როიტემანს 2017 წელს ნიუ იორკში ოპერაცია გაუკეთეს, მაგრამ სრულად გამოჯანმრთელება ვერ შეძლო. „მამა ბოლომდე, ძლიერი და კეთილშობილი გულით, რომელიც ბოლომდე ემსახურა, ჩემპიონივით იბრძოდა“, - ტვიტერზე დაწერა როიტემანის შვილმა კორამ.

როიტემანი იყო სწრაფი მრბოლი, მაგრამ იმავდროულად, არასტაბილურიც. ის სამართლიანად ითვლება ფ1-ის საუკეთესო არგენტინელ მრბოლად ლეგენდარული ხუან მანუელ ფანხიოს შემდეგ. 1981 წელს მან მხოლოდ ერთი ქულა წააგო ბრაზილიელ ნელსონ პიკესთან, 1975, 1978 და 1980 წლებში კი მსოფლიო ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულა.

როიტემანი ფორმულა 1-ში 1972 წელს გამოჩნდა, როცა ბერნი ეკლსტოუნის „ბრებჰემში“ გადავიდა. იქ ის ორგზის მსოფლიო ჩემპიონ გრემ ჰილის თანაგუნდელი იყო. დებიუტი სენსაციური გამოდგა - არგენტინის დიდი პრიზის კვალიფიკაცია მოიგო, თუმცა რბოლა მეშვიდე ადგილზე დაასრულა.

1978 წელს „ფერარის“ ლიდერი იყო, სადაც ერთი წლით ადრე, ნიკი ლაუდას ჩრდილში მოექცა. 1979 წელს ჩემპიონ „ლოტუსში“ გადავიდა, რომელსაც წინა სეზონში ბადალი არ ჰყავდა, მაგრამ ეს შეცდომა აღმოჩნდა, რადგან მისგან დატოვებული „ფერარის“ პილოტებმა ჩემპიონატი პირველ და მეორე ადგილებზე დაასრულეს (ჩემპიონი სამხრეთაფრიკელი ჯოდი შექტერი გახდა), მეორე ადგილი კი ლეგენდარულმა კანადელმა ჟილ ვილნევმა დაიკავა. როიტემანი არც „ლოტუსში“ დარჩა დიდხანს და მომდევნო სეზონში „უილიამსში“ გადავიდა, რომლის ავსტრალიელი ალან ჯონსიც ჩემპიონი გახდა, არგენტინელი კი მესამე ადგილს დასჯერდა.

1981-ში ტიტული ბოლო ეტაპზე გაუშვა ხელიდან, რომელიც ლას ვეგასში ჩატარდა. კვალიფიკაცია როიტემანმა მოიგო, მაგრამ საბოლოოდ, მერვე ადგილს დასჯერდა. ის რბოლა პიკემ მეხუთეზე დაასრულა, მაგრამ ესეც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ არგენტინელისთვის ერთი ქულით გადაესწრო. საინტერესოა, რომ 1981 სეზონის დასაწყისში, „უილიამსის“ ლიდერი ჩემპიონი ჯონსი იყო, რომელმაც პირველივე ეტაპი (ლონგ ბიჩი) მოიგო. მეორე ეტაპზე, ჯონსს ისევ შეეძლო მოგება, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ როიტემანი გუნდის მითითებას, გაეტარებინა ავსტრალიელი, შეასრულებდა. მაგრამ მან არ შეასრულა და თავად მოიგო რბოლა. შემდგომში კი გუნდის ლიდერიც გახდა.

როიტემანმა ფ1-ის კარიერა 1982 წელს, ბრაზილიის დიდი პრიზის (სეზონის მეორე რბოლა იყო) შემდეგ შეწყვიტა, რომელიც ვერ დაასრულა. წინა ეტაპზე კი, რომელიც სამხრეთ აფრიკაში ჩატარდა, მეორე ადგილი ჰქონდა დაკავებული.

კარიერის ბოლოს, როიტემანის ანგარიშზე იყო: 146 რბოლაში მონაწილეობა, 12 მოგება და 46 ფინიში კვარცხლბეკზე. გარდა ამისა, მოგებული აქვს 6 კვალიფიკაცია და 6 რბოლაში, უსწრაფესი წრე დააფიქსირა.

1985 წელს როიტემანმა ბედი რალის მსოფლიო ჩემპიონატზე სცადა, თუმცა მალევე შეწყვიტა გამოსვლა და პოლიტიკაში გადაინაცვლა. 1991-1995 და 1999-2003 წლებში, ის მშობლიურ პროვინცია სანტა ფეს გუბერნატორად მუშაობდა. 2003 წელს, ამავე პროვინციიდან, სენატორად აირჩიეს. ეს პოსტი არჩევნებში 2009 და 2015 წლებშიც მოიგო.

2002 წელს მას პრეზიდენტობისთვის კენჭისყრაში მონაწილეობას ურჩევდნენ. გამოკითხვები აჩვენებდა, რომ კანდიდატურის წამოყენების შემთხვევაში, მას ლიდერობა გარანტირებული ჰქონდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101256