ფეხბურთი

18:32 | 6.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

კახა ცხადაძე: "ჩვენი მიზანი კარგი თამაში და მაქსიმალური შედეგის მიღწევაა"

„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ბაქოს „ნეფთჩისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. ქართველმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ მეტოქე ძალიან ძლიერია, რომელსაც მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ „დინამოს“ მიზანია, რომ მაქსიმალურად კარგად ითამაშოს და დადებითი შედეგი აჩვენოს.

„ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია. ჩვენი მიზანია კარგად ვითამაშოთ და მაქსიმალურად კარგ შედეგს მივაღწიოთ. გუნდიდან წასული ფეხბურთელები? ფილიპ ორშულას დამატება შეცდომა იყო? ლუკა გაგნიძე ახალგაზრდა ფეხბურთელია და ვფიქრობ, ნიჭიერ ახალგაზრდა მოთამაშეებს უკეთეს ლიგაში გადასვლაში და განვითარებაში ხელი არ უნდა შევუშალოთ. პირიქით, რაც უფრო მეტი ფეხბურთელი წავა უკეთეს და უფრო მაღალი დონის ლიგაში, ჩვენთვის უკეთესია. ვიქტორ მონხილს ოჯახური პრობლემები ჰქონდა და წასვლა თვითონ გვთხოვა. ეს შეთანხმებული იყო.

დავიმატეთ ქავთარაძე, რომელიც სათამაშოდ მზადაა, ასევე ოსეი, მაგრამ ის ამ შეხვედრაში ფაქტია ვერ დაგვეხმარება. ჩვენ ვეძებდით თავისუფალ აგენტებს, ერთმა ფეხბურთელმა სხვა კლუბში გადასვლა ამჯობინა, ხოლო ერთმა სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა. ვიცი, რომ ბევრს არ მოგწონვართ. მოდით ასე ვთქვათ: ეს გუნდი არ არის ჩვენი დაკომპლექტებული, მაგრამ ჩვენი მუშაობის მეთოდი ასეთია: რადგან აქ მოვედით, ამ შემადგენლობას ჩვენ უნდა მოვერგოთ. ვეცდებით, რაც შეიძლება კარგი შედეგი ვაჩვენოთ, როგორც ეროვნულ ლიგაში, ისე ჩემპიონთა ლიგაზე.

„ნეფთჩი“ ძალიან კარგად დაკომპლექტებული გუნდია, რომელსაც მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს, ფაქტია, ძლიერი მეტოქეა, დალაგებულ ფეხბურთს თამაშობს. პროცენტულად შანსებზე საუბარი არასერიოზულია, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ მეტოქის პლუსები შევზღუდოთ და მათი მინუსებით ვისარგებლოთ. დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება.

ვერ გეტყვით, წინ თუ უკან წავიდა აზერბაიჯანის ჩემპიონატი. იქ დიდი ხნის წინ ვმუშაობდი და ასე შეფასება, როცა იქ აღარ ვმუშაობ რთულია. ჩემს დროს 5-6 გუნდი იყო ფინანსურად ძალიან ძლიერი და ჩემპიონობისთვის იბრძოდნენ. „ნეფთჩი“ მაშინაც ძლიერი გუნდი იყო და ახლაც. აბასოვის მისვლით გუნდმა საჩემპიონო პოტენციალი შეიძინა და „ყარაბაღის“ ჰეგემონია დაამხო, რაც ნიშნავს, რომ ძლიერი და სერიოზული გუნდია. 6 წელი გავიდა, რაც აზერბაიჯანში ვმუშაობდით და რთულია იმის თქმა, რომ ეს ყველაფერი ჩვენი პლუსია. მას მერე ბევრი დრო გავიდა და ამაზე საუბარი არასერიოზულია.

ყოველ მეოთხე დღეს ვთამაშობთ და ასეთ გრაფიკში ერთი სრულფასოვანი ვარჯიშის ჩატარებაა შესაძლებელი. ამიტომ, გვინდოდა, რომ ერთი თამაში გადადებულიყო, რომ ვარჯიშისთვის მეტი დრო გვქონოდა. ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ახალი სამწვრთნელო შტაბი ვართ გუნდში და დრო საჭიროა, თორემ 4 დღეში ერთხელ თამაში პრობლემა არ არის, საკმარისი დროა აღსადგენად, მაგრამ ვარჯიშისთვის დრო არ გვრჩება. მე შევხვდი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ის გაგებით მოეკიდა საკითხს, მაგრამ ცხადია, გადაწყვეტილებას მარტო ვერ მიიღებდა. კლუბებიც თანახმა უნდა ყოფილიყვნენ. „დილა“ და „ტორპედო“ თანახმა იყვნენ, მაგრამ „დინამო ბათუმმა“ უარი განაცხადა. ფაქტია, სამწუხაროდ, არ გამოვიდა. ამ პერიოდში „ნეფთჩისაც“ ვაკვირდებოდით, ინდივიდუალურად ძალიან ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს, განსაკუთრებით შეტევაში და ძალიან სწრაფები არიან.

„ნეფთჩის“ წარმატებაში სამირ აბასოვის დიდი წვლილია, მან თავი ძალიან კარგად წარმოაჩინა. კოლი „ინტერში“ ჩვენ მივიყვანეთ და თავიდანვე ეტყობოდა, რომ კარგი ფეხბურთელი დადგებოდა. ის ძალიან შრომისმოყვარე და გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. სტანკოვიჩი ძალიან გამოცდილი ფეხბურთელია, ძალიან გვეხმარებოდა და მასზე კარგის მეტი არაფერი ითქმის. ორივესთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ ხვალ მეტოქეები ვიქნებით და ვეცდებით, რომ ჩვენ მოვიგოთ“, - თქვა ცხადაძემ.

შეგახსენებთ, „დინამო თბილისისა“ და ბაქოს „ნეფთჩის“ შეხვედრა 7 ივლისს, 20:00 საათზე „დინამო არენაზე“ გაიმართება. ამ წყვილში საუკეთესო მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე პირეოსის "ოლიმპიაკოსს" შეხვდება, ხოლო დამარცხებული კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლებს, სადაც ჰაიფას "მაკაბისა" და ყაზახურ "კაირატს" შორის დამარცხებული იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.139636