ფეხბურთი

20:51 | 3.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

გაგა კირკიტაძე: „აფხაზეთი ჩვენი ტკივილია და მისი სიყვარულისთვის კონფერენსლიგაზე მაქსიმალურად დავიხარჯებით“

საფეხბურთო კლუბი „გაგრა“ კონფერენსლიგის მატჩებისთვის ემზადება. გუნდი 6 ივლისს პოდგორიცაში გაემგზავრება, სადაც 8 ივლისს, პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში, ჩერნოგორიის ვიცე-ჩემპიონ „სუტიესკას“ დაუპირისპირდება. საპასუხო შეხვედრას კი გაგრელები, ერთი კვირის თავზე, 15 ივლისს უკვე თბილისში გამართავენ.

„სუტიესკა“ 1927 წელს დაარსდა. გუნდი ჩერნოგორიის 4-გზის ჩემპიონი და თასის მფლობელია. ამ მაჩვენებლით ის ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია. „სუტიესკას“ სამი ფეხბურთელი ეროვნული ნაკრების წევრია. გუნდი 2009-2010 წლების სეზონში პირველად ჩაერთო ევროპალიგის გათამაშებაში, მაგრამ პირველივე ეტაპზე მინსკის „პარტიზანის“ ბარიერი ვერ დაძლია.

„გაგრას“ შეგნებული აქვს მეტოქის სიძლიერე და გამოცდილება, მაგრამ მოტივირება არ სჭირდება. კლუბის თითოეულმა ფეხბურთელმა იცის, რომ საერთაშორისო არენაზე აფხაზეთის მხარეს წარმოადგენს და ეს საუკეთესო მოტივატორია ფეხბურთელებისთვის. მით უფრო, რომ „გაგრა“ თავისი მებრძოლი ხასიათით არის ცნობილი.

ხუმრობა როდია, კლუბი 2004 წელს დაარსდა და მეორედ გადის ევროპულ სარბიელზე. პირველად 2011 წელს გუნდმა კვიპროსული „ანორთოსისის“ ბარიერი ვერ დაძლია, მაგრამ ამჯერად ეცდება მომდევნო ეტაპზე გასვლას. ბოლო 10 წლის განმავლობაში „გაგრამ“ ორჯერ მოიგო ქვეყნის თასი და ერთხელ ფინალი ითამაშა.

ის პირველი ქართული კლუბია, რომელმაც ლიგა 2-დან ორჯერ მოახერხა ევროპულ ტურნირზე გასვლა. ამჟამად, „გაგრა“ ლიგა 2-ის გათამაშების ერთპიროვნული ლიდერია და სერიოზული ამბიცია აქვს, ეროვნულ ლიგაში აღზევდეს. ამ და სხვა თემებზე გვესაუბრება „გაგრას“ მთავარი მწვრთნელი გაგა კირკიტაძე.

- შეხსენება არ გვჭირდება, თუ რა დატვირთვა აქვს „გაგრასთვის“ ევროტურნირების მატჩებს. შეგნებული გვაქვს, რომ წმინდა საფეხბურთო პერიპეტიების გარდა, ჩვენ საერთაშორისო სარბიელზე აფხაზეთს წარმოვადგენთ, როგორც საქართველოს განუყოფელ ნაწილს. აფხაზეთი ჩვენი ტკივილია და მისი სიყვარულისთვის ამ მატჩებში მაქსიმალურად დავიხარჯებით. გუნდი რამდენიმე ფეხბურთელით გაძლიერდა. ჩვენ დავიმატეთ მარცხენა მცველი გაზდელიანი „სამგურალიდან“ და შემტევი გვიშიანი „დინამოდან“. ამჟამად, ვაკვირდებით 2 უკრაინელ ფეხბურთელს, ფლანგის ვინგერსა და ფორვარდს. თუ ისინი ჩვენ მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ, შეიძლება გუნდის რიგებშიც ვიხილოთ.

- რა ინფორმაციას ფლობთ მეტოქის შესახებ. რით არის გამორჩეული ჩერნოგორიის „სუტიესკა“?

- ამ გუნდის თამაში სათანადოდ შევისწავლეთ. დაბალანსებული გუნდია. ჰყავთ კარგი ფორვარდი. უპირატესობას ძალისმიერ ფეხბურთს ანიჭებენ. ტრადიციული გუნდია. კლასითა და გამოცდილებით ჩვენზე წინ არიან. ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ. მოკლე და საშუალო გადაცემებს აკეთებენ. სტანდარტულებს კარგად ასრულებენ.

- რა შეიძლება დავუპირისპიროთ ასეთ გუნდს?

- ტაქტიკურ დეტალებში შესვლა არ მსურს. ამას თამაში გვიჩვენებს. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ მონდომებას არ დავაკლებთ. შევეცდებით მეტოქეს ჩვენი თამაში მოვახვიოთ თავს. თუ სწორად ვიმუშავებთ და მაქსიმალურ კონცენტრაციას შევძლებთ, ვფიქრობ ამ ბარიერის დაძლევას მოვახერხებთ. ორი სიტყვით ასე ვიტყოდი: იმ რეალობიდან გამომდინარე, რომელიც გვაქვს, მაქსიმუმი უნდა გავიღოთ, რომ „სუტიესკას“ ბარიერი გადავლახოთ.

- როგორ ემზადება გუნდი ამ თამაშებისთვის?

- ინტენსიური მზადება მიმდინარეობს. მოგეხსენებათ, ამჟამად „გაგრა“ ლიგა 2-ის ერთპიროვნული ლიდერია. პირველ ივლისს კალენდარული მატჩი საჩხერის „ჩიხურას“ 0:4 მოვუგეთ. ეს შეხვედრა გენერალური რეპეტიცია გახლდათ ჩერნოგორიაში გამგზავრებამდე. ვინაიდან გუნდს ყოველ მეოთხე დღეს უწევს თამაში, არ არის გამორიცხული როტაციას მივმართოთ.

- იყო მომენტი, როცა „გაგრა“ ლიგა 2-ის გათამაშების ლიდერ ბოლნისის „სიონს“ 9 ქულით ჩამორჩებოდა. ახლა კი გათამაშების ერთპიროვნული ლიდერია. რამ გამოიწვია გუნდის ასეთი სახეცვლილება?

- ადრეც ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, ჩვენ მოვახერხეთ და შევინარჩუნეთ ბირთვი. დავიმატეთ კვალიფიციური ფეხბურთელები და როცა ისინი შეთამაშდნენ, შედეგმაც არ დააყოვნა. „გაგრა“ მზარდი გუნდია. თამაშიდან თამაშამდე ხვეწს საფეხბურთო კომპონენტებს. ჩვენ დიდი მიზნები გვაქვს და გვსურს ზრდის პროცესი გავაგრძელოთ.

- გადამწყვეტ ფაზაში შევიდა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი. მიმდინარეობს პლეი ოფის თამაშები. რა ტენდენციები შენიშნეთ თანამედროვე ევროპულ ფეხბურთში, რაც შეიძლება საქართველოს გამოადგეს?

- მთავარი ტენდენცია, ვფიქრობ, კომპაქტური თამაშია. გუნდები ცდილობენ ერთიანი მექანიზმი გახდნენ, როცა დაცვისას ფორვარდი შეიძლება მცველად გარდაიქმნეს, ხოლო შეტევისას, მცველი თავდამსხმელად. თამაშის ორგანიზაცია უმაღლეს ხარისხში აქვთ აყვანილი. ყველაზე სანახაობრივი კი ჩემი აზრით, ხორვატია - ესპანეთის დაპირისპირება იყო. ამ ჩემპიონატიდან კიდევ ბევრ სასარგებლო თვისებას დავინახავთ.

სკ გაგრას პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11388