ფეხბურთი

22:17 | 29.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

"სიკვდილის ჯგუფის" ყველა წევრი გავარდა: ინგლისი გოლგაუშვებლად მეოთხედფინალშია

ინგლისის ნაკრებმა გერმანული კომპლექსი გადალახა და ევრო 2020-ის მეოთხედფინალშია. გარეთ საუთგეიტის გუნდმა „უემბლიზე“ იოაჰიმ ლიოვის გუნდს ბოლო წუთებში აჯობა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

შეხვედრა არცთუ თვალსასეირო გამოდგა, მაგრამ დაძაბული იყო. პირველ ტაიმში ორივე გუნდს თითო რეალური მომენტი ჰქონდა, როდესაც მეკარეებმა შესანიშნავად ითამაშეს. მეორე ნახევარი გერმანელთა სუპერმომენტით დაიწყო, მაგრამ ჯორდან პიკფორდმა კაი ჰავერტცს აუღო.

შეხვედრა ლოგიკურად ნულოვანი ფრისკენ და დამატებითი დროისკენ მიდიოდა, როდესაც ანგარიში გაიხსნა. 75-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან წარმართული იერიში რაჰიმ სტერლინგმა დააგვირგვინა, ხოლო სულ მალე იდენტური კომბინაცია ჰარი კეინმა დაასრულა - 2:0.

სხვათა შორის, ჯერ კიდევ 1:0-ზე ტომას მიულერი მეკარესთან პირისპირ დარჩა, დროც ჰქონდა და სივრცეც გასატანად, მაგრამ არაზუსტად დაარტყა. ამრიგად, გერმანიის ნაკრები დამარცხდა და ევრო 2020-ს დაემშვიდობა. დასრულდა იოაჰიმ ლივოის ეპოქაც, რომელმაც 15 წელი უხელმძღანელა „ბუნდესნაკრებს“ და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულიც მოაგებინა.

ინგლისის ნაკრებმა კი როგორც იქნა დიდი ტურნირების პლეი-ოფში დიდი გუნდი დაამარცხა და ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა, რადგან ბადე საკმაოდ იოლი აქვს, ყოველშემთხვევაში ფურცელზე ასეა. ინგლისს წინ შვედეთი - უკრაინას შორის გამარჯვებული ელოდება, მერე კი ნახევარფინალის პოტენციური მეტოქე ან დანიაა, ანაც ჩეხეთი. ამდენად, გარეთ საუთგეიტის გუნდს ყველაფეირ აქვს საიმისოდ, რომ ფინალში გავიდეს, რომლის მასპინძელიც იქნება.

აღსანიშნავია, რომ ინგლისმა 4 მატჩში მხოლოდ 4 გოლი გაიტანა, მაგრამ ჯერ გოლი არ გაუშვია და დაცვაში მართლაც სოლიდურად გამოიყურება. ვნახოთ, რას იზამენ ალბიონელები უფრო საპასუხისმგებლო ეტაპებზე...

ინგლისი - გერმანია 2:0 (0:0)

ლონდონი, „უემბლი“

ინგლისი (3-4-3): პიკფორდი; უოლკერი, სტოუნსი, მაგუაირი; ტრიპიერი, ფილიპსი, რაისი (ჰენდერსონი 88), შოუ; საკა (გრილიში 68), კეინი, სტერლინგი

მწვრთნელი: გარეთ საუთგეიტი

გერმანია (3-4-2-1): ნოიერი; გინტერი (ემრე ჯანი 88), ჰუმელსი, რიუდიგერი; კიმიხი, გორეტცკა, კროოსი, გოსენსი (სანე 88); ჰავერტცი, მიულერი (მუსიალა 90); ვერნერი (გნაბრი 68)

მწვრთნელი: იოაჰიმ ლიოვი

გოლები: 1:0 სტერლინგი (75), 2:0 კეინი (86)

გაფრთხილება: რაისი (8), ფილიპსი (45), მაგუაირი (77) - გინტერი (25), გოსენსი (72)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 5 (4) – 7 (3) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 3:3 თამაშგარე: 2:2

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი (უეფას ვერსიით): ჰარი მაგუაირი (ინგლისი)

მსაჯი: დანი მაკელიე (ნიდერლანდები)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.193643