ფეხბურთი

10:28 | 26.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

კსუ ფუტსალის ლიგის 2021 წლის სეზონის ჩემპიონია!

სწრაფი ტემპი, დაძაბული ბრძოლა თავდანწირული თამაში, მქუხარე გულშემატკივრობა, ემოციები და ოვაციები, დრიბლინგები, გოლები და დიდი სიხარული - ამ და სხვა სიტყვებით შეგვიძლია გადმოგცეთ ის გამორჩეული სანახაობა, რომელიც თბილისის ოლიმპიური სასახლეში დღეს გაიმართა.

საქართველოს ფუტსალის ლიგის 2021 წლის სეზონის ჩემპიონი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი გახდა. გუნდი, რომელმაც შარშანდელი ჩემპიონი თსუ, პლეი-ოფის ფინალურ სერიაში 3:1 დაამარცხა და დამსახურებულად, პირველად დაეუფლა ჩემპიონის ტიტულს. დაჯილდოების ცერემონიალსა და საუკეთესო ნომინანტებზე ქვემოთ ვთქვათ, მანამდე კი მივყვეთ თანმიმდევრობას.

ფინალური სერიას დღევანდელ მატჩამდე თსუ-სთან დაპირისპირებაში კსუ 2:1-ს იგებდა და მეტოქეზე ახლოს იყო მიზანთან. ამ გუნდების მეოთხე მატჩი კი, გადამწყვეტი აღმოჩნდა. სტუმარ-მასპინძელმა ორი განსხვავებული ტაიმი შემგვთავაზა, უგოლო 20 წუთს, ოთხგოლიანი ტაიმი მოჰყვა. მეკარეებს პირველ ტაიმშიც დიდი გარჯა მოუწიათ. მე-5 წუთზე სიგუნავას დარტყმულს თსუ-ს მეკარე ბუკია გადაეფარა. მალევე კსუ-ს კიპერმა ჯინჭარაძემ ქურცაძეს არ გაატანინა, შემდეგ კი ჩიმაკაძისა და კაკაბაძეს არ გატანინა. მე-16 წუთზე თსუ-ს მოთამაშე-მწვრთნელს, დავით ბობოხიძეს შეეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ კსუ ძელმა იხსნა, ქურცაძეს კი კსუ-ს მეკარემ აუღო. ტაიმის ბოლოს კი ქურდაძემ ხელსაყრელი პოზიციიდან მცირედით ააცილა კარს.

მეორე ნახევარში კი პირველივე გამორჩეული შეტევა გოლით დასრულდა. ჭანუყვაძემ საკუთარი საჯარიმოდან გამჭოლი პასით მაისაია თსუ-ს მეკარე ბუკიასთან პირისპირ დატოვა და მანაც ანგარიში გახსნა - 1:0. სამ წუთში კი საგოლე გადაცემა მეკარე ჯინჭარაძემ შეასრულა, რომელმაც იერიში დაიწყო, ცენტრიდან დიაგონალური პასით ოთინაშვილი ჩინებულად მოძებნა და მანაც სხვაობა გაზარდა - 2:0. თსუ-მ აქტიურად შეუტია, კავკასიელები კი საკუთარი კარის დაცვაზე გადაერთვნენ და კონტრშეტევაზე დაელოდნენ თავიანთ შანსს. ღავთაძე და ქურდაძემ თითო საგოლე მომენტი ვერ გამოიყენეს. მოთამაშე-მწვრთნელი დავით ბობოხიძე მეკარის მაისურით თსუ-ს ყველა შეტევაში მონაწილეობდა, მაგრამ მეკარე ჯინჭარაძემ მეტოქეთა დარტყმებს იგერიებდა. 33-ე წუთზე, თსუ-ს მორიგი შეტევისას, ასხლეტილი ბურთი, კობაიძემ საკუთარი საჯარიმოდან უმეთვალყურეოდ დარჩენილ კარში გადაგზავნა და ანგარიში სოლიდური გახადა - 3:0. ორ წუთში ქურდაძემ კიდევ ერთი შანსი ვერ გამოიყენა და ბოლოსწინა წუთზე ღავთაძემ ბოლომდე იბრძოლა, ქურდაძეს ბურთი აართვა და საკუთარი საჯარიმოდან თსუ-ს ცარიელ კარში გადაგზავნა - 4:0.

ამას არბიტრის საფინალო სასტვენი, გამარჯვებული კავკასიელების ზეიმი, ქომაგების ოვაციები და ზღვა სიხარული მოჰყვა. შემდეგ კი დაჯილდოების ცერემონიალის დროც დადგა. სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა, შესაბამისი სინჯის მედლებით, ჯერ ბრინჯაოს პრიზიორი და მესამეადგილოსანი თელასი ჯორჯიანსი დააჯილდოვა, შემდეგ ვერცხლის პრიზიორი და მეორეადგილოსანი თსუ, შემდეგ კი გამარჯვებული კსუ, რომელსაც მედლებთან ერთად საჩემპიონო თასიც გადასცა. 2021 წლის სეზონის საუკეთესოები, რამდენიმე ნომინაციაში დასახელდნენ:

1. საუკეთესო მწვრთნელი: ალიკ სარქისიანი (2021 წლის სეზონის თასის მფლობელი ილიაუნი);

2. საუკეთესო მეკარე - თორნიკე ბუკია (თსუ);

3. საუკეთესო მცველი - შოთა თოფურია (თელასი);

4. საუკეთესო თავდამსხმელი - გიორგი ჩიმაკაძე (თსუ)

5. საუკეთესო უნივერსალი - ვახტანგ ჯვარაშვილი (თელასი);

6. საუკეთესო მოთამაშე - გიორგი ღავთაძე (კსუ);

7. საუკეთესო ასისტენტი - შოთა თოფურია (თელასი, 24 ასისტი);

8. საუკეთესო ბომბარდირი - გიორგი ღავთაძე (კსუ, 26 გოლი).

მოკლედ, წლევანდელი სეზონი დასრულდა. 2021 წლის ჩემპიონ კსუ-ს, ამ ზაფხულს საქართველოს იმიჯის დაცვა, უკვე ევროტურნირებზე მოუწევს, რაც დავით მუჯირს არ გამორჩენია...

„ქართული ფუტსალისთვის მნიშვნელოვანი წელიწადია, რადგან ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება, რომელიც 2022 წლის იანვარში ნიდერლანდებში გაიმართება. საგულისხმოა ის, რომ ფუტსალის ლიგის წლევანდელი სეზონი საინტერესოდ წარიმართა. დღევანდელ მატჩში ეროვნული ნაკრების არაერთი მოთამაშე და კანდიდატი მონაწილეობდა. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდს ჩემპიონობას ვულოცავ და ამ ზაფხულს, ფუტსალის ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებებს ვუსურვებ“, - განაცხადა სფფ-ს გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა.

geofutsal.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113501