ფეხბურთი

20:30 | 24.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ქალთა ლიგის მე-11 ტურის მიმოხილვა

ქალთა ლიგის 2021 წლის რეგულარული ჩემპიონატის დასასრულამდე 3 ტურით ადრე, სატურნირო ცხრილის სათავეში, კვლავინდებურად „ლანჩხუთია“. გურულებთან 4 ქულა აშორებს თბილისის „კვარტალს“, რომელმაც მე-11 ტურში, „პეტრო არენაზე“, ქუთაისის „მართვეს“ დამარცხება, 2-0 მოახერხა. მშრალი პირველი ტაიმის შემდეგ, თბილისელებმა ანგარიში, მეორე ტაიმის დასაწყისში გახსნეს. 50-ე წუთზე, გოლი „კვარტალის“ ლეგიონერმა ლაურა ლებერმა, გაიტანა. კიდევ, 17 წუთში, ნინო სუთიძემ მოახერხა გოლის გატანა. „კვარტალს“ შეეძლო, ანგარიში სამამდეც გაეზარდა, თუმცა, მე-80 წუთზე, „მართვეს“ კარში დანიშნული 11-მეტრიანი ვერ გამოიყენეს.

გორის „პარკი არენაზე“, ადგილობრივმა „გორი იუნაიტედმა“ დიდი ანგარიშით, 5-0, „ბათუმს“ მოუგო. აჭარული გუნდის კარში, სამი გოლი გაიტანა ეთერ სულაშვილმა. გორელთა ახალგაზრდა ფეხბურთელმა ანგარიში, მე-7 წუთზე გახსნა, შემდეგ კი, 42 წუთზე მეტოქეს მეორედ გაუტანა და საკუთარი გუნდი შესვენებაზე კომფორტული სხვაობით გაიყვანა. მასვე ეკუთვნის მეორე ტაიმში, 52-ე წუთზე გატანილი გოლიც. 62-ე და 75-ე წუთებზე კი, „ბათუმის“ კარში ორი გოლი ნათია სხირტლაძემ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ სხირტლაძემ, რომელიც გორელებს, „ნიკედან“ წასვლის შემდეგ შეუერთდა, მე-11 ტურში სადებიუტო დუბლი გაიფორმა.

ფრედ, 1-1 ითამაშეს, „კოლხეთმა“ და „ნორჩმა დინამომ“. ეს ორი გუნდი, ამ მომენტისთვის, სატურნირო ცხრილის მე-4 ადგილისთვის იბრძვის, რომელიც მედლებისთვის ბრძოლაში, საგზურის ტოლფასია. შესაბამისად, მატჩი დაძაბული გამოდგა და გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ანგარიში, 28-ე წუთზე მასპინძლებმა გახსნეს. სტუმართა კარი, ნატა კვირკვაიამ აიღო. 73-ე წუთზე ლიკა მანუჩარაშვილმა, ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. შეხვედრის მიწურულს კი, ერთ-ერთმა ხობელმა 4-წუთიან შუალედში, ორი ყვითელი ბარათი მიიღო და მასპინძლებმა შეხვედრა 10 მოთამაშით დაასრულეს. თუმცა, ეს უპირატესობა სტუმრებმა ვერ გამოიყენეს და საბოლოოდ, ორივე გუნდი ფრეს დასჯერდა. ამ მომენტისთვის, სატურნირო ცხრილში, მეოთხე ადგილს ხობის „კოლხეთი“ იკავებს, მეხუთეზე მყოფი „ნორჩი დინამო“ კი, უშუალო კონკურენტს 3 ქულით ჩამორჩება.

ქალთა ლიგის მომდევნო, მე-12 ტური, 28 ივნისს გაიმართება.

სატურნირო ცხრილი და გათამაშების კალენდარი იხილეთ ბმულზე.

GFF.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115426