ფეხბურთი

19:57 | 22.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები სფფ-ის აკადემიას ესტუმრნენ

22 ივნისს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრები გიორგი ლორია, გიორგი ქვილითაია და გურამ გიორბელიძე რუსთავში მდებარე ფეხბურთის ფედერაციის აკადემიას ესტუმრნენ. ვიზიტის ფარგლებში ეროვნული გუნდის მოთამაშეები საფეხბურთო აკადემიის აღსაზრდელებს შეხვდნენ და ადგილზე არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.

​შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა აკადემიის მოთამაშეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და მომავალ საფეხბურთო კარიერაში წარმატება უსურვეს.

აკადემიაში ვიზიტის დასრულების შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა მცირე კომენტარი გააკეთეს:

გიორგი ქვილითაია: ვფიქრობ, რომ საინტერესო შეხვედრა გამოვიდა, ბავშვებს ძალიან საინტერესო კითხვები ჰქონდათ. ჩვენც ძალიან გახარებული ვართ, თითოეული მათგანისგან ძალიან დადებითი ემოცია მივიღეთ და ეს ძალიან სასიამოვნო ფაქტია. რაც შეეხება უშუალოდ აკადემიას, ფეხბურთელები ძალიან კარგ პირობებში ემზადებიან და მათ ყველაფერი აქვთ იმისთვის, რომ დიდი ფეხბურთი ითამაშონ.

გიორგი ლორია: მადლობას ვუხდი ფეხბურთის ფედერაციას, რომ აქ მოსვლის და ფეხბურთელებთან გასაუბრების საშუალება მომეცა. ვთვლი, რომ მსგავსი შეხვედრები ორივე მხარისთვის ძალიან საინტერესოა. ჩვენი მხრიდან ახალგაზრდა მოთამაშეებს გამოცდილება გავუზიარეთ და რჩევები მივეცით. მსურს თითოეულ მათგანს წარმატება ვუსურვო და ვიმედოვნებ, რომ ეს აკადემია მათ პროფესიულ ზრდაში დაეხმარება.

​გურამ გიორბელიძე: ვთვლი, რომ მსგავსი შეხვედრები დამწყები ფეხბურთელებისთვის დამატებითი მოტივაციაა. ჩვენი გამოცდილება გავუზიარეთ და ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მოტივაციასთან ერთად მსგავსი საუბრები, აკადემიის აღსაზრდელებს დაეხმარებათ იმის გააზრებაში თუ რა გზის გავლა მოუწევთ ფეხბურთის პროფესიონალურ დონეზე სათამაშოდ და ეროვნულ ნაკრებში დასამკვიდრებლად.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებთან გამართულ შეხვედრას რუსთავისა და ზუგდიდის საფეხბურთო აკადემიების ფეხბურთელები ესწრებოდნენ. ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით ეროვნული გუნდის მოთამაშეებთან მსგავსი ფორმატის შეხვედრები მომავალშიც გაიმართება.

0.162207