ავტოსპორტი

17:53 | 16.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბოტასის ერთადერთ ვარიანტად „უილიამსში“ გადასვლა რჩება

ვალტერი ბოტასი ჯერაც „მერსედესის“ წევრია, მაგრამ კულუარებში სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ იმაზე, რომ გერმანული გუნდი მასთან კონტრაქტს აღარ გააგრძელებს. ბუნებრივია, ამას მოსდევს განსჯა იმისა, თუ სად შეიძლება გადავიდეს ფინელი მრბოლი.

ბოტასი „მერსედესში“ 2017 წელს, სწორედ „უილიამსიდან“ გადავიდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ნიკო როსბერგმა, 2016 წლის კამპანიაში ტრიუმფის შემდეგ, ფ1-ში კარიერის დასრულება გადაწყვიტა. ბოტასი ამჟამად ჩემპიონატში მეექვსე ადგილზეა. არადა, წინა ორი სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა.

ფინელმა მრბოლმა ბოლო ხუთიდან, სამი უქულოდ დაასრულა. ბოლოს ხუთრბოლიან ბმულში, სამი უქულო შედეგი 2016 წელს ჰქონდა, როცა „უილიამსში“ ასპარეზობდა. ბოტასის ადგილზე მიმომხილველები ჯორჯ რასელის მისვლას ელიან, ვინც სწორედ „უილიამსის“ წევრია და რომელმაც გასულ სეზონში, ერთ რბოლაში შეცვალა ჰამილტონი, ვინც კორონავირუსის გამო უქმობდა.

რასელის „მერსედესში“ შესაძლო გადასვლაზე ლაპარაკობს „უილიამსის“ შეფი ჯოსტ კაპიტო: „ჯორჯის შენარჩუნება გვსურს, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ მასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მიღების პრეროგატივა მერსედესს აქვს“. ამით კაპიტო ხაზს უსვამს, რომ რასელის გადასვლა რეალურია.

ბრიტანელი მრბოლი „მერსედესის“ ახალგაზრდა პილოტთა პროგრამის კურსანტია და „უილიამსში“ სწორედ სამქიმიანების მოწყობილია. გავრცელებული ვარაუდით, ტოტო ვოლფი რასელს საზაფხულო არდადეგების დასრულებისთანავე გამოუძახებს. „რედ ბულშიც“ ფიქრობენ, რომ „მერსედესში“ რასელის გადასვლა უახლოესი მომავლის საქმეა.

შესაბამისად, 31 წლის ბოტასისთვის, ლოგიკურ გაგრძელებად „უილიამსში“ დაბრუნება ჩანს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117196