რაგბი

23:10 | 15.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

7-ქალა | ზაგრებში მეტოქეები შეგვეცვალა

საქართველოს 7-ქალა ნაკრები დღეს ღამით ხორვატიაში მიემგზავრება, სადაც ევროპის ჩემპიონატის „ალაფის“ პირველ ეტაპზე ითამაშებს.

ზაგრებში ტურნირი 19-20 ივლისს გაიმართება და ის პირვანდელისგან განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. ბოლო მომენტში მონაწილე გუნდების რაოდენობა 10-იდან 8-მდე შემცირდა და შესაბამისად, ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი მეტოქეებიც შეიცვალა.

ამჯერად საქართველო „ა“ ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები უკრაინა, შვედეთი და მოლდოვა იქნებიან, ხოლო „ბ“ ჯგუფში ჩეხეთი, ფინეთი, უნგრეთი და თურქეთი ითამაშებენ.

ჩვენი გოგონები პირველ თამაშს ჩვენი დროით 12:52 საათზე შვედების წინააღმდეგ გამართავენ, 15 საათზე უკრაინას შეხვდებიან, ხოლო 17:30-ზე მოლდოვას. მეორე დღეს ფლეი ოფებია და მეოთხედფინალში „ა“ ჯგუფის გამარჯვებული „ბ“ ჯგუფის მეორეადგილოსანს შეხვდება, მეორე მესამეს და ა.შ.

გაზრდილი გუნდით

ხორვატიაში გამგზავრებამდე 7-ქალას გაფართოებულმა შემადგენლობამ თბილისში 5-დღიანი შეკრება გაიარა და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჯაბა მალაღურაძემ, ტურნირისთვის 12 მოთამაშე (17-იდან) შეარჩია:

„ძალიან კარგი შეკრება გვქონდა. აღვიდგინეთ სათამაშო გეგმა და გადავიმეორეთ დეტალები. რაც მთავარია, გოგონებს კარგი განწყობა აქვთ და ბევრად უფრო იმედიანად ვარ, ვიდრე შეკრების დასაწყისში ვიყავი. ტრავმები არ გვაქვს, რაც არსებული რესურსიდან საუკეთესო შემადგენლობის შერჩევაში დაგვეხმარა“.

„შეგვეცვალა მეტოქეები. ვეთამაშებით უკრაინას, რომელიც ამ ჯგუფის ლიდერია და ხშირად თამაშობს უმაღლეს დივიზიონში. მოლდოვა ახალი ამოსულია „ალაფაზე“ და არ ვიცით რა დონის გუნდია. შვედებთან ბევრჯერ გვითამაშია და არაერთხელ დაგვიმარცხებია. ჩვენ ყველა თამაშში ბოლომდე ვიბრძოლებთ და რა გამოვა მოედანზე გამოჩნდება“.

შეკრებით კმაყოფილია გუნდის კაპიტანი ნათია გავაშელი:

„დამღლელი 5 დღე გვქონდა, რასაც კარგად გავუძელით და დავინახეთ, რომ ბევრი რამ შეგვიძლია. გვქონდა ფიზიკები და ძალიან კარგი შედეგები ვაჩვენეთ. ეს უპირველესად ფსიქოლოგიური თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი. ასევე დიდი ყურადღება დაეთმო ტექნიკურ მხარეს. გუნდი აშკარად გაზრდილია. რაზეც წლების წინ დიდი ხნის განმავლობაში გვიწევდა გაჩერება, ახლა მარტივად გავიარეთ და სიახლეებისთვისაც მეტი დრო დაგვრჩა. თუ ჩვენს საქმეს კარგად შევასრულებთ და ყველა თამაშში ბოლომდე დავიხარჯებით, დარწმუნებული ვარ ტურნირზეც ძალიან კარგ შედეგს ვაჩვენებთ“.

7-ქალას „ალაფის“ მეორე ეტაპი უნგრეთში, ბუდაპეშტში 9-10 ივლისს გაიმართება.

ხორვატიაში მიემგზავრებიან

სალომე მაკასარაშვილი (თბილისი), მანონი საღარაძე (ხობი), ნათია გავაშელიშვილი (რუსთავი), თინათინ სიხარულიძე (თბილისი), ლაურა პერტაია (დარჩელი), სალომე საღარაძე (ხობი), თეონა ჩიტაიშვილი (ქუთაისი), თამარ მანაგაძე (ქუთაისი), ირმა გულიაშვილი (თბილისი), მარიამ გოგუაძე (თბილისი), ანა დათიაშვილი (ლოკომოტივი თბ.), ლიკა ხუფენია (ზუგდიდი).

მთავარი მწვრთნელი: ჯაბა მალაღურაძე

მწვრთნელი: გიორგი მაისურაძე

ექიმი: ოთარ თაბაგარი

ფიზიო: გიორგი მურადაშვილი

მენეჯერი: ია ხურცილავა

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115045