ფეხბურთი

22:20 | 13.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ავსტრიის ნაკრებმა ევრო 2020 ჩრდ. მაკედონიის ძლევით დაიწყო

ევროპის ჩემპიონატმა სტარტი C ჯგუფშიც აიღო და პირველი მატჩი ბუქარესტში გაიმართა, სადაც ავსტრიის ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან ითამაშა.

იგორ ანგელოვსკის გუნდს ევროპის ჩემპიონატზე და ზოგადად დიდ ტურნირზე დებიუტი ჰქონდა და შეეძლო ქულა ან ქულებიც მოეპოვებინა, მაგრამ ბოლოსკენ გატყდა. მთლიანობაში თამაში საკმაოდ თანაბარი იყო და ვერ ვიტყვით, რომ ავსტრია დიდ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ უფრო მაღალმა კლასმა თამაშის ბედი გადაწყვიტა.

მე-18 წუთზე შტეფან ლაინერმა მარსელ ზაბიტცერის მაგარი პასით ასევე მაგრად შეასრულა და ანგარიში გახსნა. 10 წუთში მაკედონიელებმა გაათანაბრეს და ვინ თუ არა, გორან პანდევი, რომელმაც ჯერ მცველის და მერე მეკარის დაშვებული შეცდომა ცარიელი კარის დალაშქვრით დაასრულა. პანდევი გახდა ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში რიგით მეორე ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, ვინც გოლი გაიტანა (ივიცა ვასტიჩს ეკუთვნის ეს რეკორდი). 37 წლის პანდევმა როგორც საქართველოსთან, ახლაც ისტორიული გოლი გაიტანა.

თუმცა, ეს გოლი მის გუნდს საბოლოოდ ვერაფერში წაადგა. თამაშის მიწურულს დავიდ ალაბას პასით მიხაელ გრეგორიტშმა გაიტანა, რომელიც მცველებისგან გათავისუფლდა, მეკარესაც დაასწრო და მეტოქე გატეხა. 10 წუთის მერე კი მარკო არნაუტოვიჩმა ჩრდ. მაკედონიელი მცველების მორიგი ჩავარდნით ისარგებლა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ავსტრიის ნაკრებმა 3:1 მოიგო და ევრო 2020-ზე 3 ქულა მოიპოვა, ხოლო მომდევნო შეხვედრას ნიდერლანდების ნაკრებთან 17 ივნისს გამართავს. იმავე დღეს ჩრდილოეთ მაკედონია უკრაინას შეხვდება.

ავსტრია - ჩრდ. მაკედონია 3:1 (1:1)

ბუქარესტი, ეროვნული სტადიონი

ავსტრია (3-5-2): ბახმანი; დრაგოვიჩი (ლინჰარტი 46), ალაბა, ჰინტერეგერი; ლაინერი, ლაიმერი (ბაუმგარტლინგერი 90), შლაგერი (ილსანკერი 90), ზაბიტცერი, ულმერი; კალაიჯიჩი (არნაუტოვიჩი 58), ბაუმგარტნერი (გრეგორიტში 58)

მწვრთნელი: ფრანკო ფოდა

ჩრდ. მაკედონია (5-3-2): დიმიტრევსკი; ნიკოლოვი (ბეიტულაი 63), შ. რისტოვსკი, ველკოვსკი, მუსლიუ (მ. რისტოვსკი 86), ალიოსკი; ბარდი (ტრიჩკოვსკი 82), ადემი, ელმასი; ტრაიკოვსკი (კოსტადინოვი 63), პანდევი

მწვრთნელი: იგორ ანგელოვსკი

გოლები: 1:0 ლაინერი (18), 1:1 პანდევი (28), 2:1 გრეგორიტში (78), 3:1 არნაუტოვიჩი (90)

გაფრთხილება: ლაინერი (85) - ტრაიკოვსკი (42), ალიოსკი (52)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 9 (7) – 5 (2) ბურთის ფლობა: 60%-40% კუთხურები: 4:0 თამაშგარე: 1:0

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი (უეფას ვერსიით): დავიდ ალაბა (ავსტრია)

მსაჯი: ანდრეას ეკბერგი (შვედეთი)

0.134044