კალათბურთი

22:09 | 10.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას 19 ქულა ფინალში და VTB ლიგის ჩემპიონის ტიტული

მოსკოვის ცსკა და თორნიკე შენგელია VTB ლიგის ჩემპიონები არიან. დმიტრი იტუდისის გუნდმა ფინალური სერია ყაზანის „უნიქსს“ ძალიან ადვილად, 3:0 მოუგო და ისტორიაში მე-11-ედ გახდა VTB ლიგის ჩემპიონი.

სერიის მესამე შეხვედრა მოსკოვში გაიმართა და ცსკა-მ მეტოქეს ზედმეტი პრობლემების გარეშე 89:81 აჯობა. მასპინძლები პირველი ტაიმის შემდეგ 12 ქულით იგებდნენ და ლოგიკურ დასასრულამდე თამაში მშვიდად მიიყვანეს.

შენგელია სეზონის ბოლო მატჩში ერთ-ერთი გამორჩეული იყო. თორნიკემ 26:51 წუთში 19 ქულა, 7 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 10-დან 8 ორქულიანი და 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ხოლო 2 საჯარიმო ააცილა. აღსანიშნავია, რომ თორნიკე მოსკოველთა რიგებიდან საუკეთესო იყო და ზოგადად, ფინალური სერია მან დიდებულად ჩაატარა.

ამრიგად, მოსკოვის ცსკა-ს მაისურით თორნიკე შენგელიამ პირველი ტიტული მოიგო და პირველ სეზონში ევროლიგის ჩემპიონობას ვერ, მაგრამ VTB ლიგის ჩემპიონობას კი შესწვდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130239