ფეხბურთი

21:44 | 22.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიაში საუკეთესო სეზონი საგოლე პასით დაასრულა

ავსტრიის ბუნდესლიგის ბოლო, 32-ე ტურში გრაცის "შტურმი" "ვოლფსბერგერს" დაუპირისპირდა და მოედანზე ორი ქართველი იყო. გრაცელებმა მეტოქეს სტუმრად 3:1 მოუგეს და მნიშვნელოვანი გამარჯვებაც იზეიმეს.

ოთარ კიტეიშვილმა საგოლე პასი მიითვალა, მან 59-ე წუთზე კელვინ იებოას გაატანინა. "ვოლფსბერგერის" რიგებში გურამ გიორბელიძე თამაშში 69-ე წუთიდან ჩაერთო, როცა ანგარიში უკვე 1:3 იყო, ხოლო ლუკა ლოჩოშვილი თადარიგში დარჩა.

კიტეიშვილმა ავსტრიაში მესამე სეზონი დაასრულა და ეს საუკეთესო იყო, მიუხედავად იმისა, რომ ტრავმის გამო საკმაო პერიოდი გაუცდა და შემოდგომაზე კორონავირუსიც ჰქონდა. ოთარმა 26 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი მიითვალა, რაც ავსტრიულ კარიერაში მისთვის საუკეთესო შედეგია.

გურამ გიორბელიძემ ბუნდესლიგაში 15 მატჩი ჩაატარა, ის შედეგიანი მოქმედებებით არ გამორჩეულა, ხოლო ლუკა ლოჩოშვილმა 21 თამაშში 1 გოლი და 1 საგოლე პასი მიითვალა, 3-ჯერ წითელი ბარათი მიიღო. ლუკა თავიდან სასტარტოში მუდმივად თამაშობდა, ხოლო მარტიდან მოყოლებული, როდესაც გუნდს ახალი მწვრთნელი დაუნიშნეს, იშვიათად უწევდა თამაში. "ვოლფსბერგერს" ზაფხულიდან გერმანელი სპეციალისტი რობინ დუტი გაწვრთნის და ვნახოთ, იქნებიან თუ არა მის გეგმებში ქართველი მცველები.

გრაცის "შტურმმა" სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა, ხოლო "ვოლფსბერგერი" კონფერენს ლიგაზე გამსვლელი პლეი-ოფის ფინალშია, სადაც "ჰარტბერგსა" და "აუსტრიას" შორის საუკეთესოს შეხვდება და ამ გზით ეცდება ევროპის ახალ ტურნირზე გასვლას.

0.133108