ფეხბურთი

21:55 | 19.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

სამი ხედირამ კარიერა დაასრულა

გერმანიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა სამი ხედირამ კარიერა დაასრულა. აღნიშნული ინფორმაცია ბერლინის „ჰერტამ“ და 34 წლის ნახევარმცველმა დაადასტურეს.

ხედირა კარიერაში ბოლო მატჩს 22 მაისს, „ჰოფენჰაიმთან“ ჩაატარებს და შემდეგ ბუცებს ლურსმანზე ჩამოკიდებს. „ფეხბურთის ლეგენდარ კარიერას ასრულებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან დიდი ხანი არ დარჩენილა, ყველაფრისთვის დიდი მადლობა“, - წერს „ჰერტას“ ვებგვერდი.

კომენტარი ხედირამაც გააკეთა, რომლის განცხადებით, ეს რთული, მაგრამ სწორი გადაწყვეტილებაა:

„ზუსტად 14 წლის წინ „შტუტგარტთან“ ერთად ჩემპიონობას ვზეიმობდი. მშვენიერი დღე იყო. დღეს პირადად ჩემთვის ძალიან რთულია, რადგან ჩემი კარიერა შაბათ საღამოს, 17:15 საათზე დასრულდება. ეს საკმაოდ რთული ნაბიჯია და ჩემთვის ძნელია ამაზე საუბარი, მაგრამ ეს სწორი გადაწყვეტილებაა. პროფესიონალურ ფეხბურში გატარებულმა 15 წელმა თავისი კვალი დატოვა და უნდა განვსაჯო რისი გაკეთება შემიძლია და რისი არა. და ბოლოს, მადლიერი ვარ ყველაფრისთვის, რაც შევძელი“, - თქვა გერმანელმა ფეხბურთელმა.

სამი ხედირა „ჰერტაში“ იანვრიდან თამაშობდა და 8 უგოლო მატჩი ჩაატარა. მისი კარიერა „შტუტგარტში“ დაიწყო, სადაც2006-2010 წლებში 132 თამაშში 16 გოლი გაიტანა და 2007 წელს გერმანიის ჩემპიონი გახდა. 2010-2015 წლებში სამი მადრიდის „რეალის“ ღირსებას იცავდა და 161 შეხვედრაში თავი 9-ჯერ გამოიჩინა, ხოლო 2015-2021 წლებში ტურინის „იუვენტუსის“ მაისურით 145 მატჩში მეტოქეები 21-ჯერ დაამწუხრა. გერმანიის ნაკრებში ხედირას ანგარიშზე 2009-2018 წლებში 77 თამაში და 7 გოლია.

გერმანელი თითოჯერ გახდა გერმანიისა და ესპანეთის ჩემპიონი, ესპანეთის სუპერთასის, ევროპის სუპერთასის, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის, ჩემპიონთა ლიგისა და იტალიის სუპერთასის გამარჯვებული, ორჯერ დაეუფლა ესპანეთის თასს, სამჯერ იტალიის თასს და ხუთჯერ იტალიის ჩემპიონობა მოიპოვა. სანაკრებო დონეზე 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, 2009 წელს კი ევროპის 21-წლამდე ჩემპიონი.

0.114528