კალათბურთი

10:21 | 19.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძის ორმაგი დუბლი და სეზონში ყველაზე შედეგიანი თამაში!

„ინდიანა პეისერსმა“ პლეი-ინი წარმატებით დაიწყო და პლეი-ოფამდე ერთადერთი ნაბიჯი აშორებს, ინდიანაპოლისელებმა „შარლოტ ჰორნეტსი“ უპრობლემოდ 144:117 დაამარცხეს და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.

გოგა ბითაძემ შესანიშნავი თამაში ჩაატარა და სეზონის პირადი რეკორდიც დაამყარა. ქართველმა ცენტრმა 18:42 წუთში ორმაგი დუბლი გაიფორმა - 14 ქულა, 10 მოხსნა (6 მეტოქის ფარზე), 1 პასი, 3 დაფარება და 1 ჩაჭრა! ბითაძემ მიმდინარე სეზონში 14 ქულა პირველად ჩააგდო, ამერიკულ კარიერაში კი მისი საუკეთესო შედეგი გაიმეორა, რომელიც გასულ სეზონში დააფიქსირა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ეს იყო მისთვის პირველი მატჩი რეგულარული სეზონის მიღმა. გოგამ 8-დან 4 ორქულიანი და 8-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, მას პერსონალური ფოლიც არ მიუღია.

„ინდიანაში“ საუკეთესო 23 ქულით და 5 მოხსნით ოშეი ბრისეტი იყო, ხოლო „შარლოტში“ მიკალ ბრიჯესი გამოირჩა, რომელმაც 23 ქულა, 8 მოხსნა და 4 პასი მიითვალა.

ქართველი კალათბურთელის გუნდი პლეი-ოფში მოსახვედრად „ვაშინგტონ ვიზარდს“ დაუპირისპირდება, რომელიც 21 მაისს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115547