ფეხბურთი

22:49 | 15.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური დერბი "იუვემ" მოიგო, პირლომ კონტე სეზონში მეორედ დაამარცხა

იტალიის სერია A-ს 37-ე ტურის მთავარ შეხვედრაში დიდი იტალიური დერბი შედგა, რომელშიც სატურნირო მოტივაცია მხოლოდ „იუვენტუსს“ ჰქონდა, „ინტერს“ - არა. თუმცა, ანტონიო კონტეს ტურინული წარსული, ამ გუნდების ისტორია, ცხადია „ნერაძურის“ უმოტივაციოდ ყოფნის შესაძლებლობას არ აძლევდა, თანაც, 20-მატჩიანი წაუგებელი სერიის გაგრძელება სურდა.

თამაში დრამატული და დაძაბული გამოდგა. ტურინელები თუ ვერ მოიგებდნენ, ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსს, რომელიც ისედაც ძალზე დაბალია, პრაქტიკულად დაკარგავდნენ, თუმცა ანდრეა პირლოს გუნდმა უმძიმესი თამაში მოიგო. პირველ ტაიმში კრიშტიანუ რონალდუმ თავისივე გაცუდებულ პენალტს დაამატა და ანგარიში გახსნა, რასაც რომელუ ლუკაკუმ ასევე პენალტითვე უპასუხა. თუმცა, ტაიმის ბოლოს ხუან კუადრადომ ისევ შავ-თეთრები დააწინაურა - 2:1.

მეორე ტაიმის დასაწყისში „იუვე“ როდრიგო ბენტანკურის გაძევების შემდეგ მინდორზე კაცნაკლული დარჩა და სტუმრები სრულ სათამაშო უპირატესობას დაუფლნენ. 70-ე წუთზე პირლომ თამაშიდან რონალდუ მოხსნა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს გადაწყვეტილება სწორი გამოდგა. თუმცაღა, ტურინელებმა ბეწვის ხიდზე გაიარეს, რადგან 83-ე წუთზე ჯორჯო კიელინის ავტოგოლით ანგარიში გათანაბრდა და ეს „იუვესთვის“ კატასტროფის ტოლფასი იყო. მაგრამ კუადრადოს მატჩის გმირობა ეწერა - მან პენალტი მოიპოვა, რომელიც თავადვე გაიტანა და 3:2. კოლუმბიელმა „იუვენტუსი“ ბრძოლაში დატოვა და თუ „ნაპოლი“ დარჩენილ ორ ტურში ქულებს დაკარგავს, ტურინული გრანდი ოთხეულში შევა. „ინტერის“ დაუმარცხებელი სერია შეწყდა, მაგრამ გუნდს სკუდეტო კარგა ხნის მოგებული აქვს. სხვათა შორის, მიმდინარე სეზონში „იუვენტუსი“ და „ინტერი“ ოთხჯერ შეხვდნენ (ორჯერ თასზე) და ორი მატჩი ანდრეა პირლოს გუნდმა მოიგო, ერთი მილანელებმა იმძლავრეს, ერთხელაც ფრე დაფიქსირა. ასე რომ, პირლომ თავისი ყოფილი მწვრთნელი შედეგობრივად სადებიუტო სეზონში დაჯაბნა.

თუ „იუვენტუსს“ შანსი მცირე აქვს, „ატალანტამ“ ჩემპიონთა ლიგის საგზური გაინაღდა. ბერგამოელებმა სტუმრად „ჯენოას“ 4:3 მოუგეს. დრამატული თამაში გამოდგა, რომელშიც ბერგამოელები ორჯერ იგებდნენ სამბურთიანი სხვაობით (3:0, 4:1), საბოლოოდ კი 4:3 მოიგეს. „ატალანტა“ მეორე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება ზედიზედ მესამედ მოიპოვა, რაც პროვინციული გუნდისთვის ნამდვილად დიდი წარმატებაა.

"ლაციომ" ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსი საბოლოოდ დაკარგა, მას მერე, რაც რომაულ დერბიში "რომასთან" წააგო. პაულო ფონსეკას გუნდმა დაუძინებელ მტერს აჯობა და დამსახურებულად იმარჯვა. "არწივების" კარში გოლები ჰენრიხ მხითარიანმა და პედრომ გაიტანეს, რომაელთა მომავალი მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიოც კმაყოფილი დარჩა მომავალი გუნდის გამარჯვებით, რომელსაც ზაფხულიდან ჩაიბარებს.

„იუვენტუსი“ – „ინტერი“ 3:2 (2:1)

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

„იუვენტუსი“ (4-4-2): შჩესნი; დანილო, დე ლიხტი, კიელინი, ალექს სანდრო; კუადრადო, ბენტანკური, რაბიო, კიეზა (დემირალი 70); კულუშევსკი (მაკკენი 58), რონალდუ (მორატა 70)

მწვრთნელი: ანდრეა პირლო

„ინტერი“ (3-5-2): ჰანდანოვიჩი; შკრინიარი, დე ვრეი, ბასტონი (ვესინო 78); ჰაკიმი, ბარელა, ბროჟოვიჩი, ერიკსენი (სენსი 73), დარმიანი (პერიშიჩი 46); ლაუტარო მარტინესი, ლუკაკუ

მწვრთნელი: ანტონიო კონტე

გოლები: 1:0 რონალდუ (24), 1:1 ლუკაკუ (35, პენ), 2:1 კუადრადო (45), 2:2 კიელინი (83, ა.გ), 3:2 კუადრადო (88)

გაფრთხილება: კულუშევსკი (13), ბენტანკური (20, 55), კიელინი (86), კუადრადო (90) - დარმიანი (23), ლაუტარო მარტინესი (75), ბასტონი (78), ბროჟოვიჩი (88, 90)

გაძევება: ბენტანკური (55) - ბროჟოვიჩი (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 13 (7) – 7 (3) ბურთის ფლობა: 42%-58% კუთხურები: 4:3 თამაშგარე: 0:0

მსაჯი: ჯამპაოლო კალვარეზე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.206337