ფეხბურთი

2:07 | 15.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანმა "რეალში" თავის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

ზინედინ ზიდანმა გადაწყვეტილება მიიღო და სეზონის დასრულების შემდეგ მადრიდის „რეალს“ დატოვებს. ინფორმაციას როგორც ესპანური, ისე ფრანგული მედია ავრცელებს.

France Football-ი წერს, რომ ზიდანის გადაწყვეტილებაზე გავლენას არ მოახდენს სეზონის დარჩენილი ნაწილი და „რეალის“ შედეგი ესპანეთის ჩემპიონატში. ფრანგმა სპეციალისტმა კლუბის დატოვება ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გადაწყვიტა და ის დაიღალა, როგორც ფსიქიკურად, ისე ფიზიკურად.

50 წლის სპეციალისტს კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს, მაგრამ მზადაა ბოლო სეზონში 13.5 მილიონი ევროს ხელფასზე უარი თქვას და ხელშეკრულება გაწყვიტოს. ის "სამეფო კლუბს" მეორედ დატოვებს, პირველად 2018 წლის 31 მაისს გადადგა ეს ნაბიჯი, მაგრამ 2019 წელს გუნდში დაბრუნდა.

ზიდანის მომავალს საფრანგეთის ნაკრებს უკავშირებენ, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ "მამლების" თავკაცის პოსტს ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დიდიე დეშამი დატოვებს. ამავე დროს, რაც უფრო რეალური ხდება „რეალიდან“ მისი აბარგება, მითუფრო აქტიურად უკავშირებენ ტურინის „იუვენტუსს“, რომელსაც სეზონის ბოლოს დიდი ალბათობით, ანდრეა პირლო დატოვებს. ლეგენდარული ფრანგი ტურინულ გრანდს კარგად იცნობს, რადგან 1996-2001 წლებში „ბებერი ქალბატონის“ ღირსებას იცავდა და 212 მატჩში 31 გოლი გაიტანა.

აქვე გეტყვით, რომ "ზიზუს" ამ ეტაპზე ოფიციალური წინადადება არ მიუღია და სად გააგრძელებს მუშაობას, ამ ეტაპზე უცნობია. ზიდანს სამწვრთნელო კარიერაში მადრიდის „რეალის“ გარდა, სხვაგან არ უმუშავია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108733