ფეხბურთი

1:29 | 14.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

კლოპმა "ოლდ ტრაფორდზე" პირველად მოიგო და ჩემპიონთა ლიგის საგზური "ლივერპულის" ხელშია

„ლივერპულის“ მდგომარეობა და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსი რამდენიმე ტურის წინ უტოპიურად გამოიყურებოდა, მაგრამ ახლა ასე აღარ არის და უფრო მეტიც - ყველაფერი იურგენ კლოპის გუნდის ხელშია.

„ლივერპულმა“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ „ოლდ ტრაფორდზე“ 34-ე ტურის გამოტოვებულ შეხვედრაში მოუგო და ძალიან კარგ ვითარებაში აღმოჩნდა. თამაში დიდებული სანახავი გამოდგა და უკვე მე-10 წუთზე ბრუნო ფერნანდეშმა მასპინძლები დააწინაურა, მაგრამ ტაიმი მაინც „ლივერპულმა“ მოიგო. პირველი ნახევრის ბოლო 10 წუთში დიოგო ჟოტას ფანტასტიკურმა გოლმა და რობერტო ფირმინოს თავურმა „წითლები“ დააწინაურა. ბრაზილიელმა ფორვარდმა მეორე ტაიმის დასაწყისში დუბლი შეასრულა და უპირატესობა გაზარდა. მართალია, მარკუს რაშფორდმა სხვაობა შეამცირა, მაგრამ ოლე გუნარ სულშერის გუნდისთვის ეს მაქსიმუმი გამოდგა და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მოჰამედ სალაჰმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„ლივერპულმა“ 2014 წლის მარტის შემდეგ და იურგენ კლოპის ხელმძღვანელობით „ოლდ ტრაფორდზე“ პირველად იმარჯვა. ამ გამარჯვებით მერსისაიდელებმა 60 ქულა დააგროვეს და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა ახლა მხოლოდ მათზეა დამოკიდებული.

„ლესტერი“ 6 ქულითაა წინ, „ჩელსი“ ოთხით, მაგრამ „ლივერპულს“ თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული და რაც მთავარია, „ჩელსი“ და „ლესტერი“ დარჩენილი ორი მატჩიდან ერთს ერთმანეთში ჩაატარებენ და შესაბამისად, ერთ-ერთი თუ ორივე არა, ქულებს აუცილებლად დაკარგავენ. ამრიგად, „ლივერპული“ სამივე თამაშს თუ მოიგებს, უსათუოდ მოიპოვებს ჩემპიონთა ლიგის საგზურს. ნიშნადობლივია, რომ კლოპის ბიჭებს კალენდარი ძალიან მარტივი აქვთ და ალბათ, მზნის მიღწევა არ გაუჭირდებათ - „ვესტ ბრომვიჩი“, „ბარნლი“ და „კრისტალ პალასი“.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ – „ლივერპული“ 2:4 (1:2)

გოლები: 1:0 ბრუნო ფერნანდეში (10), 1:1 დიოგო ჟოტა (34), 1:2 ფირმინო (45), 1:3 ფირმინო (47), 2:3 რაშფორდი (68), 2:4 სალაჰი (90)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111365