ფეხბურთი

18:22 | 10.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

23 წლის შემდეგ "სალერნიტანა" სერია A-ში დაბრუნდა

იტალიის სერია A-ში მომდევნო სეზონში სალერნიტანა ითამაშებს. ფაბრიციო კასტორის გუნდმა სერია B-ს ბოლო ტურში სტუმრად „პესკარა“ 3:0 დაამარცხა, რის შედეგადაც მეორე ადგილი დაიკავა და ელიტაში ავტომატურად აღზევდა.

სალერნოელებმა სეზონი 73 ქულით დაასრულეს და მხოლოდ „ემპოლის“ ჩამორჩნენ, რომელმაც ორი ტურის წინ გაინაღდა აღზევება. აღსანიშნავია, რომ „სალერნიტანა“ სერია A-ში 23-წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება და იტალიურ ელიტაში ბოლოს 1998-1999 წლების სეზონში თამაშობდა.

თუმცა, ჯერ დაბრკოლება არსებობს: გუნდის მფლობელი კლაუდიო ლოტიტო გახლავთ, რომელიც ამავდროულად რომის „ლაციოს“ მეპატრონეა და წესდებით, სერია A-ში ერთი მეპატრონით ორ კლუბს თამაში არ შეუძლია, ამიტომაც, ლოტიტოს გუნდის გასხვისება მოუწევს და ამისთვის 30 დღე აქვს.

სერია A-ში გადმომსვლელი კიდევ ერთი გუნდის ვინაობა პლეი-ოფით გაირკვევა, რომელშიც მონცა, ლეჩე, ვენეცია, ჩიტადელა, ბრეშა და კიევო ითამაშებენ და ერთ სანუკვარ ადგილს გაითამაშებენ. სერია B-დან სერია C-ში გავარდნენ „ენტელა“, „პესკარა“, „რეჯანა“ და „კოზენცა“.

0.109825