ფეხბურთი

1:44 | 9.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონი "ინტერი" დააფასეს, "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგას მიუახლოვდა, "ლაციო" დაშორდა

იტალიის სერია A-ს 35-ე ტური პირველი გამოდგა 2012 წლის შემდეგ, რომელიც ისე გაიმართა, რომ იტალიის მოქმედი ჩემპიონი „იუვენტუსი“ არ იყო. ეს სტატუსი „ინტერმა“ გადაიბარა, რომელიც ჩემპიონის რანგში „სამპდორიას“ დაუხვდა.

გენუელებმა თამაშის წინ „ნერაძურის“ ფეხბურთელებს საპატიო კორიდორი გაუკეთეს და ასე დააფასეს მეტოქე. ცნობისთვის, პირველ წრეში „სამპდორიამ „ინტერს“ შინ 2:1 მოუგეს და მას მერე ანტონიო კონტეს გუნდი არ დამარცხებულა.

ამჯერადაც, მიუხედავად გადახალისებული შემადგენლობისა, ლომბარდიელებმა დიდებულად ითამაშეს და მეტოქე 5:1 გაანადგურეს. დუბლით გამოირჩა ალექსის სანჩესი, რომელსაც სათამაშო დრო ამ სეზონში ხშირად არ ეძლეოდა და ჩილელიც მოწყურებული იყო. „ინტერმა“ საკუთარ მოედანზე ზედიზედ მე-14 გამარჯვება მოიპოვა და ასეთი კარგი სერია შინ ისტორიაში პირველად აქვს.

თუ „ინტერის“ თამაში ფორმალური ხასიათის იყო, „ნაპოლიმ“ და „ლაციომ“ ჩაატარეს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩები, რადგან ორივე ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად იბრძვის. ნეაპოლელები სტუმრად „სპეციას“ დაუპირისპირდნენ და ვიქტორ ოსიმენის დიდებული გარჯით უპრობლემოდ, 4:1 იმარჯვეს. ჯენარო გატუზოს გუნდმა 70 ქულა დააგროვა და ამ დროისთვის, სანამ კონკურენტები ითამაშებენ, მეორე ადგილზე მოკალათდა.

სიმონე ინძაგის „ლაციომ“ კი ფლორენციაში „ფიორენტინასთან“ წააგო და შეიძლება ჯერ შანსი არ დაუკარგავს, მაგრამ ძალიან შეიმცირა. რომაული გუნდი „იებთან“ და უფრო კონკრეტულად დუშან ვლაჰოვიჩთან ვერაფერს გახდა. სერბ ფორვარდს საოცარი სეზონი აქვს, დუბლი შეასრულა და 21 წლის შემტევის ანგარიშზე უკვე 21 გოლია სერია A-ს ამ სეზონში, მასზე მეტი კი მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს აქვს გატანილი. „ლაციოს“ 64 ქულა დარჩა და 5 ქულა აშორებს ჩემპიონთა ლიგის ზონას, თუმცა, „ტორინოსთან“ გადადებული მატჩიც არ უნდა დავივიწყოთ.

კვირას იტალიაში მთავარი თამაშია: „იუვენტუსი“ – „მილანი“. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ჩემპიონთა ლიგის ზონის მიღმა ერთ-ერთი დარჩება და დიდი შანსია, ეს ის გუნდი იყოს, რომელიც დღეს დამარცხდება.

„სპეცია“ – „ნაპოლი“ 1:4 (0:3)

გოლები: 0:1 ზიელინსკი (15), 0:2 ოსიმენი (23), 0:3 ოსიმენი (44), 1:3 პიკოლი (64), 1:4 ლოსანო (79)

„უდინეზე“ – „ბოლონია“ 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 დე პაული (23), 1:1 ორსოლინი (82, პენ)

„ინტერი“ – „სამპდორია“ 5:1 (3:1)

გოლები: 1:0 გალიარდინი (4), 2:0 სანჩესი (26), 2:1 კეიტა (35), 3:1 სანჩესი (36),4:1 პინამონტი (61), 5:1 ლაუტარო მარტინესი (70, პენ)

„ფიორენტინა“ – „ლაციო“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 ვლაჰოვიჩი (32), 2:0 ვლაჰოვიჩი (89)

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.257375