ფეხბურთი

21:49 | 7.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: 9 კლუბმა სუპერლიგა დატოვა და უეფას ბოდიში მოუხადა, 3 კლუბს კი სანქციები ემუქრება

ევროპის სუპერლიგა 12 კლუბიდან ცხრამ ოფიციალურად დატოვა. უეფამ საკუთარ ვებგვერდზე განცხადება გაავრცელა და დაადასტურა, რომ 9 კლუბი აღიარებს შეცდომას და ბოდიშს იხდის. სუპერლიგაში რჩება სამი კლუბი, რომელთაც სავარაუდოდ, მკაცრი სანქციები, მათ შორის, ევროთასებიდან ხანგრძლივი დისკვალიფიკაციაც ემუქრებათ.

„ცხრა კლუბი აღიარებს და ეთანხმება, რომ სუპერლიგის პროექტი შეცდომაა, ისინი ბოდიშს უხდიან გულშემატკივრებს, ეროვნულ ასოციაციებს, ეროვნულ ლიგებს, ევროპულ კლუბებსა და უეფას. მათ ასევე აღიარეს, რომ არ მიიღებენ ისეთ ტურნირებში მონაწილეობას, რომელიც უეფას წესდებითა და წესების შესაბამისად აღიარებული არ იქნება. ეს კლუბები არიან: „არსენალი“, „მილანი“, „ჩელსი“, მადრიდის „ატლეტიკო“, მილანის „ინტერი“, „ლივერპული“, „მანჩესტერ სიტი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ტოტენჰემი“.

უეფა იტოვებს უფლებას მიიღოს ნებისმიერი ზომები იმ კლუბებზე, რომლებიც ე.წ „სუპერლიგაში“ ჩართულები არიან და უეფა ამ გუნდების საკითხზე იმსჯელებს. საკითხი დაუყოვნებლივ გადაეცემა უეფას კომპეტენტურ სადისციპლინო ორგანოებს“, - ნათქვამია უეფას განცხადებაში.

სუპერლიგაში ჩართულნი „იუვენტუსი“, „რეალი“ და „ბარსელონა“ არიან. შესაბამისად, უეფაც საქმის წარმოებას ამ გუნდების წინააღმდეგ იწყებს და დიდი შანსია, რომ სამივე ევროთასებიდან მინიმუმ 2 წლით მოკვეთოს. გარდა ამისა, New York Times-ს ცნობით, „ბარსა“, „რეალი“ და „იუვენტუსი“ სუპერლიგიდან გასული 9 გუნდის წინააღმდეგ იწყებენ საქმის წარმოებას და მათგან დიდძალი კომპენსაციის გადახდას ითხოვენ.

„კლუბებმა მიიღეს თავიანთი ვალდებულებები და გამოთქვეს სურვილი გამოასწორონ შეცდომები. უეფას სურს ამ თავის უკან გადადება და პოზიტიური სულისკვეთებით წინსვლა. ფინანსური ჯარიმები მნიშვნელოვანია, მაგრამ არცერთ ფინანსურ ჯარიმას უეფა არ შეინარჩუნებს და ყველა მათგანი ინვესტირდება მთელი ევროპის მასშტაბით საფეხბურთო სამყაროში. ამ კლუბებმა სწრაფად გააცნობიერეს შეცდომები და მიიღეს ზომები. იგივე არ შეიძლება იტქვას იმ კლუბებზე, რომლებიც ე.წ „სუპერლიგაში“ რჩებიან და უეფა ამ კლუბებთან დაკავშირებით მოგვიანებით იმუშავებს“, - თქვა უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა.

სუპერლიგიდან გასული 9 კლუბი უეფამ ფინანსურად დააჯარიმა. თითოეული კლუბი შემოწირულობის სახით 15 მილიონ ევროს გაიღებს და ეს ფული გამოყენებული იქნება ბავშვთა ფეხბურთის დასახმარებლად. ევროტურნირების ერთი სეზონის შემოსავლების 5% ამ ცხრა კლუბს არ დაერიცხება და ისიც შემოწირულობას მოხმარდება. ამასთან, უეფას განცხადებაშია აღნიშნულია, რომ თუ კლუბები მომავალში სუპერლიგის პროექტს თუ დაუბრუნდებიან ან სხვა, უეფასგან არაღიარებულ ტურნირში გადაწყვეტენ მონაიწლეობის მიღებას, გათვალისწინებული იქნება ფინანსური სანქცია 100 მილიონი ევროს ოდენობით. ხსენებულმა ცხრა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატიც დაადასტურა, რომელიც ძალაში 2024 წლიდან შევა.

0.159931