ავტოსპორტი

4:03 | 7.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

რედ ბულმა მერსედესიდან ძრავების ხუთი ინჟინერი გადაიბირა

„რედ ბულის“ ძრავების დივიზიონმა გამოაცხადა, რომ ხუთი გამოცდილი ინჟინერი დაიქირავა, რომლებიც ადრე „მერსედესის“ ძალურ დანადგარებზე მუშაობდნენ. ამ ხუთიდან ოთხი ხარებთან უშუალოდ გერმანული გუნდიდან გადავიდა.

სტივი ბლიუიტი „რედ ბულ პაუერტრაინსის“ ძალური დანადგარების წარმოების დირექტორი გახდა, ომიდ მოსტაგიმი ძალური დანადგარების ელექტრონიკის და ERS-ის განყოფილებას უხელმძღვანელებს, რიპ კლოდი ERS-ის მექანიკური კონსტრუქციის განყოფილების შეფი გახდა, სტივი ბოუდ კი შიდაწვის ძრავების ჯგუფს გაუძღვება. „რედ ბულ პაუერტრაინსს“ „მერსედესის“ ყოფილი თანამშრომელი ანტონ მაიო ჩაუდგა სათავეში, ვინც „რედ ბულში“ გადასვლამდე, თავისუფალი აგენტი იყო.

ამ ხუთეულამდე, ხარებმა იმავე „მერსედესიდან“ ბენ ჰოჯკინსონი გადაიბირეს, ვინც გერმანულ გუნდში მექანიკურ ინჟინერიას ედგა სათავეში.

„რედ ბულ პაუერტრაინსი“ კომპანია „ჰონდასგან“, რომელიც ამჟამად „რედ ბულს“ და „ალფატაურის“ ძრავებით ამარაგებს, ძრავების წარმოების ტექნოლოგიას გადაიბარებს. იაპონური კომპანია ამ სეზონის ბოლოს ტოვებს ფორმულა 1-ს და თანახმაა, თავის პარტნიორს საკუტარი ტექნოლოგიები დაუტოვოს. გარდა ამისა, „რედ ბულ პაუერტრაინსი“ ავსტრიული გუნდისთვის ახალ ძრავებსაც შეიმუშავებს, როცა ფ1 2025 წლიდან ახალ ტექნიკურ რეგლამენტზე გადავა.

„ჩვენ ფორმულა 1-ის ყველა ოპერაციას, ჩვენს ხელში ვიღებთ. რედ ბულ პაუერტრაინსი ძალიან საინტერესო და იმავდროულად, საპასუხისმგებლო წამოწყებაა. ვიცით, რომ წარმატებას იმ შემთხვევაში მივაღწევთ, თუ ჩვენთან საუკეთესოები იმუშავებენ. ამისთვის კი მათ საჭირო პირობები უნდა შევუქმნათ, რაც მათ განვიტარების საშუალებას მისცემს. ჩვენთვის დიდი პლიუსია ის, რომ ბრიტანეთში ვართ ბაზირებული, სადაც ჩვენთვის ნიჭიერი ინჟინრები არიან ხელმისაწვდომი“, - განაცხადა „რედ ბულის“ შეფმა კრისტიან ჰორნერმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116656