ჩოგბურთი

2:38 | 7.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნადალი მადრიდის ღია პირველობის მეოთხედფინალში გავიდა

რაფაელ ნადალი საფრანგეთის ღია პირველობისთვის მზადების პროცესში, მადრიდის ღია პირველობის მეოთხედფინალში გავიდა. მესამე წრეში მან ავსტრალიელი ალექსეი პოპირინი 6-3, 6-3 დაამარცხა. ესპანელის მომდევნო მეტოქე გერმანელი ალექსანდერ ზვერევია, რომელმაც ბრიტანელი დანიელ ევანსი 6-3, 7-6 (3) დაამარცხა.

ნადალმა ახლახანს ბარსელონას ტურნირის მე-12 ტიტული მოიპოვა და მადრიდის ტურნირის მეექვსე ტიტულისთვის იბრძვის. პოპირინის დასამარცხებლად მან საათი და 19 წუთი იმყოფინა. თუმცა, შეხვედრის დასაწყისში საკმაოდ გაუჭირდა.

პოპირინმა ჯერ თავის მოწოდებაზე, საწყისი გეიმი მშრალად მოიგო, მომდევნო გეიმში კი მეტოქის მოწოდებაზე, სამი ბრეიკ პოინტი მოიპოვა. მაგრამ მსოფლიოს მეორე ჩოგანმა ყველა გაუქარწყლა. და ამის შემდგ, თავად დაიწყო მეტოქის რბევა - ზედზედ ორი ბრეიკი აიღო. მსოფლიოს 76-ე ჩოგანმა ერთი კი გაქვითა, მაგრამ სეტის გადარჩენა ვეღარ მოახერხა. უფრო მეტიც, ნადალმა სეტის დასასრულს კიდევ ერთხელ შეძლო მეტოქის გეიმის მოგება.

ესპანელმა ჩოგბურთელმა 21 წლის მეტოქეს გასაქანი არც მეორე სეტში მისცა. თავიდანვე აიღო ბრეიკი და მეორე მატჩ პოინტი გამარჯვების ქულად აქცია. ნადალისთვის ეს მადრიდის ღიას მე-15 მეოთხედფინალია.

საუკეთესო რვას შორის ასევე ითამაშებენ ავსტრიელი დომინიკ თიმი და ამერიკელი ჯონ ისნერი. თიმმა ავსტრალიელ ალექს დე მინორს 7-6 (9), 6-4 მოუგო, ისნერმა კი დაძაბულ ბრძოლაში, 7-6 (4), 3-6, 7-6 (4) დაამარცხა რუსი ანდრეი რუბლევი. სხვათა შორის, ისნერს ამ შეხვედრაში ერთი ბრეიკ პოინტიც არ მოუგია. მეოთხედფინალში ის თიმს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116618