ჩოგბურთი

0:43 | 7.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდის ღიას ფინალში ბარტი და საბალენკა შეხვდებიან

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ავსტრალიელმა ეშლი ბარტიმ, ამ სეზონში მეოთხე ტიტულისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა - მადრიდის ღია პირველობის ნახევარფინალში, ესპანელ პაულა ბადოსას 6-4, 6-3 მოუგო და ფინალში გავიდა, სადაც ბელარუს არინა საბალენკას დაუპირისპირდება.

ბადოსა ის ჩოგბურთელია, ვინც ახლახანს, ჩარლსტონის ტურნირის მეოთხედფინალში, ბარტის მოულოდნელი მარცხი აწვნია. მაგრამ მადრიდის ტურნირზე უაილდ ქარდთ მოხვედრილმა, ამჯერად სენსაცია ვერ გაიმეორა. ავსტრალიელმა შეხვედრის განმავლობაში, თამაშიდან 30 ქულა დააგროვა და თიხნარზე ზედიზედ მე-16 შეხვედრა მოიგო.

სხვათა შორის, ბადოსა პირველი ესპანელი ჩოგბურთელი ქალია, ვინც მადრიდის ღია პირველობის ნახევარფინალს მიაღწია. თავიდან ის ტიტულოვან მეტოქეს კარგად დაუხვდა, მაგრამ მეათე გეიმში, როცა 4-5 აგებდა, საკუთარ მოწოდბაზე გეიმი დათმო. მან ორი სეტ პოინტის მოგერიება კი მოახერხა, მაგრამ მესამეზე ორმაგი შეცდომა დაუშვა და სეტი ბარტის ჩააბარა.

ავსტრალიელმა, ვინც აპრილში შტუტგარტის ტურნირზე, ერთეულებშიც და წყვილებშიც შეძლო ტიტულების მოპოვება, მეორე სეტის დასაწყისში, მეტოქეს ბრეიკის საშუალება მისცა. მაგრამ შემდეგ ზედიზედ ოთხი გეიმი მოიგო და უპირატესობა აღარც დაუთმია.

საფრანგეთის ღია პირველობის 2019 წლის გამარჯვებული პირველად გავიდა მადრიდის ღიას ფინალში. ამ სეზონში მას უკვე 25 მოგება დაუგროვდა (3 წაგებასთან ერთად).

რაც შეეხება მის მორიგ მეტოქეს, საბალენკამ „თავის“ ნახევარფინალში რუსი ანასტასია პავლიუჩენკოვა 6-2, 6-3 დაამარცხა.

0.113536