ფეხბურთი

12:18 | 3.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

პირლო: "ერთი ერა დასრულდა, მაგრამ ახალი დაიწყება"

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „უდინეზესთან“ (2:1) მძიმე გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელმა სპეციალისტმა „ინტერს“ სკუდეტოს მოგება მიულოცა, მაგრამ თქვა, რომ ტურინელთა ახალი ერა დაიწყება.

„გაშვებული გოლით ცხოვრება გავირთულეთ, მაგრამ ბოლომდე გვინდოდა სასურველი შედეგის მიღწევა და ეს ყველაზე მთავარია. მეორე გოლის შემდეგ სიხარულის სულისკვეთებით უნდა გავაგრძელოთ თამაში.

გუნდში არის გარკვეული დაღლილობა - როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური. რაღაც იცვლება, როდესაც მუდმივად სკუდეტოსთვის იბრძვის და შემდეგ ბრძოლა ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად გიწევს. რთულად ვახერხებთ ადაპტირებას, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე ნებისმიერ ფასად უნდა გავიდეთ.

„ინტერს“ და ანტონიო კონტეს ჩემპიონობას ვულოცავ, ტიტული დამსახურებულად მოიგეს. ზედიზედ 9 სკუდეტოს შემდეგ ერთი ერა დასრულდა, მაგრამ ახალი იწყება. გვინდა მომდევნო სეზონიდან სკუდეტოსთვის ბრძოლას დავუბრუნდეთ“, - თქვა პირლომ.

შეგახსენებთ, „იუვენტუსი“ 69 ქულით მეორე-მეოთხე ადგილებს „მილანთან“ და „ატალანტასთან“ ერთად იყოფს. მომდევნო ტურში „ბიანკონერი“ ტურინში სწორედ „მილანს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110622